19 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
პროპორციული არჩევნები - საპროცედურო კომიტეტმა ოპოზიციის მიერ წარდგენილი ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციური პარტიის მიერ პარლამენტში წარდგენილი 200 ათასზე მეტი ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა. ხელმოწერები ოპოზიციამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით შეაგროვა. ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ოპოზიციის ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებას გულისხმობს, რისთვისაც  საყოველთაო სახალხო განხილვებია საჭირო. საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის შექმნის საკითხი უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება. საბოლოოდ კი,  ცვლილებებს კენჭს საშემოდგომო სესიაზე უყრიან.

„მთავარი შედეგია ის, რომ საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება და პარლამენტში იქნება განხილვები ამ კანონპროექტების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, კონკრეტულად მოხდება თუ არა შეთანხმება ბლოკების და ბარიერების ირგვლივ ვნახავთ, ჩვენ შევეცდებით რომ დავარწმუნოთ მოსახლეობაც, ჩვენი ამომრჩევლები და ხელისუფლებაც,  რომ უკეთესი იქნება შენარჩუნებული იყოს ბლოკები“, - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ალექსანდრე ბარამიძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემის მნიშვნელობაზე საუბრობს "ევროპული საქართველოც". ლევან თარხნიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია ცდილობს, ოპოზიციის და საზოგადოების ერთბლივი მიღწევა საკუთარ კეთილ ნებად წარმოაჩინოს, რაც ტყუილია.

„ქართული ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს ის, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ეს მისი კეთილი ნებაა, ეს არის ტყუილი. ჩვენ ეს შესწორება ბევრად უფრო ადრეა შესული, ვიდრე მათი ინიციატივა. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა მოხდა დემონსტრაციების შედეგად. შესაბამისად, რამდენიც უნდა ეცადოს „ქართული ოცნება“ ეს თავის კეთილ ნებად წარმოაჩინოს, ეს ესე არ არის. ეს არის ქართული საზოგადოების მთლიანად ოპოზიციის მიღწევა და ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ და არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ საშუალებას უკან წაიღოს თავისი სიტყვები“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს და აცხადებს რომ უახლოეს მომავალში სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება.

„წარმოდგენილი იყო 228 ათასი ხელმოწერა და დაახლოებით 26 ათასი ხელმოწერა მიჩნეულ იქნა ბათილად. თუმცა დარჩენილი ხელმოწერების რაოდენობა იყო საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ ნამდვილად მიგვეჩნია არანაკლებ 200 ათასი ხელმოწერის არსებობა, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილების პროექტიც არის ინიცირებული.

დღეს 2 მსგავსი ინიციატივა გვაქვს სახეზე, ჩვენ გავუყვებით კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებს.  შეიქმნება საყოველთაო სახალხო განხილვების კომისია და კომისია ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებას გააცნობს კანონპროექტის შინაარსს“, - განაცხადა გიორგი კახიანი.

რიგგარეშე სხდომაზე კენჭს უყრიან ასევე ზაქარია ქუცნაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხსაც. დეპუტატისთვის მანდატის შეჩერების საკითხს დღეს მხარი დაუჭირა საპროცედურო კომიტეტმა.

ზაქარია ქუცნაშვილმა წასვლის გადაწყვეტილება გავრილოვის პარლამენტში ვიზიტის შემდეგ მიიღო, როდესაც მოსახლეობამ ოკუპანტი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან მართლმადიდებლური საპარლამეტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანა გააპროტესტა.

დღის ამბები