თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას გამოკითხვა მიმდინარეობს.
ქარდავას კითხვებს გამომძიებლები, მაგსიტრი მოსამართლის თანხლებით დაუსვამენ. ბაჩუკი ქარდავა გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა.
ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ედპ-ს ლიდერის განცხადებით, ცინიზმია, როდესაც სისხლიანი დარბევის ავტორი და განვითარებული მოვლენების მთავარი ფიგურანტი, "დამნაშავე" შს მინისტრი თავად იძიებს საქმეს.
ქარდავას განცხადებით, ე.წ. გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა შს მინისტრს ეკისრება და სისხლის სამართლის საქმე გახარიას წინააღმდეგ უნდა მიმდინარეობდეს.
„ზოგადად, ცინიზმია, როდესაც ყველაზე მთავარი დამნაშავე 20 ივნისის მოვლენების, გახარია, თვითონ იძიებს ამ საქმეს მაშინ, როდესაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გამოძიება გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობდეს რეალურად, მაგრამ არის ასეთი მოცემულობა - ფაქტობრივად, ივანიშვილის რეჟიმმა 20 ივნისს საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ ის არის მოთანამშრომლე კრემლთან, ოკუპაციურ პუტინის რეჟიმთან და ამ ვითარებაში მან უნდა განახორციელოს ის გეგმები, რაც სურს რუსეთს საქართველოში, ბუნებრივია, მას სჭირდება, რომ დემოკრატიული, პროდასავლური ოპოზიცია იყოს იზოლირებული,“ - განაცხადა ქარდავამ.