შს მინისტრის მოადგილე აღიარებს, რომ 20 ივნისის ღამეს მომიტინგეები არ გაუფრთხილებიათ. ipn-სთვის მიცემულ ინტერვიუში კახა საბანაძე ამბობს, რომ პარლამენტის წინ დაძაბული ვითარების გამო, მშვიდობიანი მომიტინგეების გაფრთხილების დრო არ ჰქონდათ.
საბანაძის ეს განცხადება, ეწინააღმდეგება გიორგი გახარიას ტელეინტერვიუს, სადაც პირველი პოლიციელი ამბობდა, რომ გადაწყვეტილების შემდეგ აქციის მონაწილეები 4-ჯერ გააფრთხილეს. გახარიას მოადგილე იმასაც აცხადებს, რომ 20 ივნისის რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მომიტინგეები არ დაზარალებულან.
20 ივნისს პარლამენტის წინ აქცია რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტში სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ და ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ. გვიან ღამით კი სამართალდამცავებმა მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, მათ შორის სტაფილოსფერი და ასევე, წყლის ჭავლი გამოიყენა. შს მინისტრმა აღნიშნა, რომ მომიტინგეების დასაშლელად ძალის გამოყენება პარლამენტის შტურმით აღების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა.