"უბრალოდ ჩვენ არ ვეთანხმებით, ჩვენთვის ეს მიუღებელია“ - ეს განცხადება, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ "პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტის შესახებ გააკეთა.
დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს და აცხადებს, რომ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტია, გამართავენ თუ არა შეხვედრებს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან.
ცქიტიშვილი ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსს" მოსკოვთან ურთიერთობა თავიდანვე გაცხადებული ჰქონდა და ეს მათი არჩევანია. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ რაიმე ბერკეტი, ხელი შეუშალონ "პატრიოტთა ალიანსს", ჩავიდნენ მოსკოვში და ვიზიტი დაგეგმონ.
„მე პირადად ამ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი, მით უმეტეს არ მგონია, რომ ეს რაღაცით ან წაადგებოდეს საქმეს ან იმ პროცესს, რომელშიც საქართველო იმყოფება. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ეს მათი არჩევანია. მე პირადად არ ვიზიარებ. ის არც საქართველოს წარმოადგენს, არც საქართველოს პარლამენტს წარმოადგენს, ის იმ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, რომელსაც ეს ურთიერთობა გაცხადებული ჰქონდა და ეს მათი არჩევანია,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გმობს თუ არა „ქართული ოცნება“ „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტებს, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ამ ქმედებას არ იზიარებს და ეს მათთვის მიუღებელია,
„ჩვენ არ ვეთანხმებით, შეგვიძლია სხვადასხვა ეპითეტები ვიხმაროთ, მაგრამ უბრალოდ ჩვენ არ ვეთანხმებით, ჩვენთვის ეს მიუღებელია“ - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.