შს მინისტრი გუნდის ხერხემალია თუ თქვენი თავის ტკივილი? - პრემიერმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად აღნიშნა, რომ გიორგი გახარია „სკამზე გამოკიდებული“ არ არის, ისევე, როგორც მთავრობის სხვა წევრები.
პრემიერმა განაცხადა, რომ არასწორია, როდესაც გახარიას საქმესთან სხვადასხვა გახმაურებული საქმეების დაკავშირება ხდება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ერთ-ერთი გახმაურებული საქმის, ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის გამოძიება მიმდინარეობს და პროცესი გამჭვირვალეა.
„ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა იმ დღეს თბილისში... მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა ამ საქმეს და 100%-ით უზრუნველყოფილია გამჭვირვალობა. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და არ შევეცადოთ, დავუკავშიროთ ისეთი საქმეები ერთმანეთს, რომელსაც ბუნებასთან კავშირი არ აქვს,“ - განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას კვლავ ოპოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები მომხდარის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ.
„რაც შეეხება გიორგის, გიორგი არის ჩვენი გუნდის წევრი და კონტექსტი თქვენი კითხვის არის სრულიად არარელევანტური. თქვენ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ადამიანს ჩვენს გუნდში, რომელიც თავის სკამს გამოეკიდება, ასეთი ფიზიკურად არ არსებობს. მაგრამ, რასაც უპასუხისმგებლო ოპოზიცია ითხოვს, ეს არის სრულიად მიუღებელი. ანუ ამბობენ იმას, რომ კონსტიტუციის დაცვა შსს-ის მხრიდან თურმე ყოფილა ბოროტება და პარლამენტში შტურმით აღება, ეს არის პატრიოტიზმი. ეს არის ის კონტექსტი, რა კონტექსტის განვითარებაც სურს ამ უპასუხისმგებლო ადამიანებს. გიორგი არ გაურბის პასუხისმგებლობას, ისევე, როგორც არც მე და არც ჩვენი გუნდის წევრი და ამიტომ არის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად, ობიექტურად და გამჭვირვალედ იმ ცალკეულ შემთხვევებზე, როდესაც ჰქონდა სამართალდამცავების გარკვეული პირების მხრიდან ძალის ზედმეტ გამოყენებას, ჩვენ სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებული, რომ ამას გაეცეს პასუხი, მაგრამ როდესაც ჩვენ ვუყურებთ ზოგად სურათს, რამაც ეს გამოიწვია და შემდეგ არასწორ ინტერპრეტაციას, არასწორი ინტერპრეტაციის მცდელობას, რომ სრულიად დამახინჯებული სურათი მიაწოდონ ქართულ საზოგადოებას, ეს არის სრულიად მიუღებელი. ის ღამე იყო ძალიან დიდი გამოწვევა ქართული სახელმწიფოსთვის,“ - განაცხადა პრემიერმა.