თითოეული ჩვენგანისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმას, რომ საზოგადოებაში არ არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი გამოძიებაზე, მის ხარისხსა და გამჭვირვალობაზე - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა. პრემიერის თქმით, მმართველი ძალისთვის მნიშვნელოვანია, მომხდარი მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მცირე კითხვის ნიშანიც კი არ არსებობდეს.
მამუკა ბახტაძე საქმის გამოძიების პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობას მიესალმება.
„მე მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას და მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქმეს იძიებს სწორედ საქართველოს პროკურატურა და მივესალმები ამავე დროს, სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობას ამ პროცესში. ჩვენთვის, პირველ რიგში, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ქართულ საზოგადოებაში არ არსებობდეს, თუნდაც მცირე კითხვის ნიშანი, გამოძიების პროცესთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გამოძიებას აქვს თითოეული დეტალი, ნიუანსი გამოსაძიებელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი შეკითხვები იქნება ყველა ადამიანთან, გიორგიმაც არა ერთხელ განაცხადა, რომ ეს, ბუნებრივია, აუცილებლად ითანამშრომლებს და უფრო მეტიც, ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია ის, რომ მედიასთანაც ძალიან აქტიურად მუშაობს.
პრემიერმინისტრი ამბობს, რომ 20 ივნისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა ყველას დაუსვამს კითხვას, ვისი მხრიდანაც რაიმე ინფორმაციის მიღება გახდება საჭირო. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ თუკი საჭირო გახდა, კითხვებს შს მინისტრიც უპასუხებს, რომელმაც ამის მზაობა უკვე გამოთქვა.
„ნებისმიერ ადამიანი, ვისთანაც იქნება კითხვები, ვისგანაც იქნება ინფორმაცია მისაღები, მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს პროკურატურაში დასვამენ და ვინც არ უნდა იყოს, ის აუცილებლად უპასუხებს, მით უმეტეს გიორგი, რომელმაც ამისი მზადყოფნა არა ერთხელ დააფიქსირა," - ამბობს მამუკა ბახტაძე.
საქართველოს პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გრძელდება მცდელობა, რომ 20 ივნისის მოვლენები შეფასდეს, როგორც სახელმიწფოს მხრიდან ჩადენილი "ბოროტება".
„მე მსურს, გავიმეორე მთავარი, ეს კითხვები, რასაც თქვენ სვამთ, ბუნებრივია, ჩვენ მას უნდა გავცეთ პასუხი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი იმიტომ, რომ დღემდე გრძელდება მცდელობა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომ 20 ივნისის ღამეს მომხდარი ფაქტი მოინათლოს ისე, რომ, თითქოს, საქართველოს პარლამენტის შტურმით აღება, ეს არის პატრიოტიზმის და ამ ემოციის გამოვლინება და კონსტიტუციის დაცვა, თურმე არის ბოროტება. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ამას არასდროს შევურიგდებით, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.