19 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
პირდაპირ ტყუილში მხილება - ირაკლი აბესაძე შს მინისტრის და მისი მოადგილის ურთიერთსაპირისპირო განცხადებებზე

20 ივნისის ღამეს აქციის დარბევასთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილის კომენტარს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე ეხმაურება.

საქმე ეხება კახაბერ საბანაძის მიერ Ipn-სთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც მან აღნიშნა, რომ აქციის დარბევასთან დაკავშირებით მომიტინგეები ძალოვან უწყებას არ გაუფრთხილებია.

ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ კახა საბანაძის კომენტარი თავად მინისტრის განცხადებას უპირისპირდება, რადგან გიორგი გახარიამ თქვა, რომ მომიტინგეები დარბევასთან დაკავშირებით 4-ჯერ გააფრთხილეს.

აბესაძის თქმით, საბანაძის განცხადებამ შს მინისტრის ტყუილში ამხილა. დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლებას კანონი ავალდებულებს, რომ მომიტინგეები გააფრთხილოს. აქედან გამომდინარე, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„გახარიას განცხადების ფონზე, რომ 4-ჯერ მოხდა აქციის მონაწილეებისთვის შეტყობინების გაგზავნა დასჯის შესახებ, საბანაძის განცხადება, რომ ამის შესაძლებლობა არ იყო, არის პირდაპირ ტყუილში მხილება და მხილება იმ დანაშაულებრივ გეგმაში, რასაც მიზანმიმართულად მშვიდობიანი აქციის დაშლა ჰქვია. აქციის მიმდინარეობისას გაფრთხილების შესაძლებლობა არსებობდა და რაც მთავარია, არსებობდა ამის ვალდებულება ორი კანონით, შესაბამისად, ამ ვალდებულების დარღვევა, რასაც ისეთი მძიმე შედეგი მოჰყვა, რაც ადამიანების დასახიჩრება არის, არის დანაშაული და ამაზე უნდა დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის სამინისტროს ხელმძღვანელობისაც,“ - განაცხადა აბესაძემ.

20 ივნისს პარლამენტის წინ აქცია რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტში სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ და ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ. გვიან ღამით კი სამართალდამცავებმა მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, მათ შორის სტაფილოსფერი და ასევე, წყლის ჭავლი გამოიყენა. შს მინისტრმა აღნიშნა, რომ მომიტინგეების დასაშლელად ძალის გამოყენება პარლამენტის შტურმით აღების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა.

დღის ამბები