19 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
შს მინისტრის პირველი მოადგილის სკანდალურმა აღიარებამ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დაამძიმა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის სკანდალურმა აღიარებამ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დაამძიმა. პირველმა პოლიციელმა საჯაროდ იცრუა, 20 ივნისს ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის სასტიკი დარბევის წინ გაფრთხილება არ ყოფილა.

კახა საბანაძის აღიარება, რომ ანტისაოკუპაციო მიტინგი პარლამენტის წინ გაფრთხილების გარეშე დაარბიეს, ოპოზიციისათვის გიორგი გახარიას წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებაა. მათივე თქმით, გიორგი გახარიამ დაარღვია კანონი პოლიციის შესახებ, რომლის მეხუთე მუხლში წერია, რომ სპეცსაშუალებების გამოყენებამდე აქციის მონაწილეები უნდა გააფრთხილონ და მისცენ გონივრული ვადა პოლიციის მოთხოვნის შესასრულებლად.

ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი გახარიამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, რომელიც რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ „კვირის პალიტრასთან“ საგაზეთო ინტერვიუში აღიარა, რომ დემონსტრანტები 20 ივნისს მიტინგის დარბევის წინ არ გააფრთხილეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ამბობენ, რომ გიორგი გახარია ტყუილში თავად მისმა მოადგილემ ამხილა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ ისიც თქვა, რომ დარბევის დროს ძირითადად მხოლოდ აგრესიული მოქალაქეები დასაჯეს და მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის პოლიციას არც რეზინის ტყვია უსვრია და არც მიზანში ამოუღია.

ანტისაუკუპაციო მიტინგი რუსთაველის გამზირზე 27-ე დღეა, იმართება და პოლიციას დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები