9 ორის წინააღმდეგ - შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთი ბალანსით იძიებს 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენებს. 9 იმ დაკავებული მომიტინგეების რიცხვია, რომლებიც გამოძიების მტკიცებით, სამართალდამცველებს ესხმოდნენ თავს.
თითქმის, ერთთვიანი მუშაობის შემდეგ გიორგი გახარიას უწყებამ სხვადასხვა მედიასაშუალების კადრები გაშიფრა და პასუხისგებაში დამატებით აქციის 4 მონაწილე მისცა.
საგამოძიებო უწყების მიერ გასაჯაროებულ კადრებში ჩანს 26 წლის კახა ღავთაძე. ვიდეომტკიცებულებით ძალოვანი უწყება ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა პოლიციის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. სამართალდამცველს წაართვა ფარი და ერთ-ერთი სპეცრაზმელი პოლიციის კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია.
ღავთაძის ინტერესების დამცველი მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში ახალგაზრდა ბიჭის ქმედება მიზნად პოლიციელის დაცვას ისახავდა.
ვატო გელაშვილის შემთხვევაში დაკავების მოტივი მედიასაშუალებების კადრები არ ყოფილა. პოლიციამ „შეაჩერე კორუფციას“ ხელმძღვანელი საკუთარ Facebook გვერდზევე ატვირთული ვიდეოს გამო დააპატიმრა.
ვატო გელაშვილის კოლეგები ამბობენ, რომ გიორგი გახარიას გააქტიურება არასამათავრობო ორგანიზაციის საქმიანობას უკავშირდება.
დაკავებულებს შორის არის 22 წლის მუხრან ფანგანიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფანგანი 20 ივნისის ღამეს პოლიციელებს ფიზიკურად უტევდა. მასთან ერთად დაკავებული 23 წლის ახალგაზრდა კი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სპეცდანიშნულების რაზმზე თავდასხმისკენ მოუწოდებდა.
იმ ფონზე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის გამო პასუხისგებაში აქციის 9 მონაწილე მისცა, დასჯილია მხოლოდ 2 სპეცრაზმელი. დაკავებულთა ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი ისე წარუდგინეს, რომ პროცესს ადვოკატი არ დასწრებია. შესაბამისად, უცნობია, რა მტკიცებულებების არსებობს დაკავებულის წინააღმდეგ და როგორია ბრალდებულია პოზიცია.