უზნეო, გაუნათლებელი, არაკვალიფიციური - ეს იმ ეპითეტების მხოლოდ ნაწილია, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს ერთმანეთის მიმართ არ იშურებდნენ. საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის უკვე ტრადიციად ქცეული დაპირისპირების ეპიცენტრში კვლავაც მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი იყო.
ხმაურის მიზეზი ამჯერად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ილონა თოდუასთვის საბჭოს მიერ საცხოვრებელი ბინის დაქირავება გახდა.
განხილვის მთავარი სტუმარმა, მოსამართლე ილონა თოდუამ კი მხოლოდ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. თავის მართლება მას საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ გასაჯაროვებული ფაქტების გამო მოუწია.
2014 წელს, მოსამართლე თოდუამ საკუთარ სახელზე არსებული ბინა დედას გადაუფორმა და თავად იუსტიციისა საბჭოს მიმართა, რომ როგორც საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი მოსამართლე ქირით დაეკმაყოფილებინათ.
ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლე ილონა თოდუას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიც არის, ე.წ. კლანი ლობირებს. ანა დოლიძეც და ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავენ, რომ ილონა თოდუაზე ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი ფსონს დებს და სწორედ ამიტომ იცავენ.
ბრალდებების გამო, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე დღეს პოლიტიკური დავალებების შემსრულებლებად გამოაცხადეს. მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ისინი დღეს მოსამართლე თოდუამაც დაადანაშაულა.
საცხოვრებელ ბინასთან დაკავშირებით მოსამართლე თოდუას შესაძლოა, განმარტებების გაკეთება რამდენიმე დღეში კიდევ მოუწიოს. ის უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია და საბჭოში გასაუბრებას ელოდება, რომელიც ხვალიდან იწყება.