„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პროკურატურაშია დაბარებული. საგამოძიებო უწყებიდან ოპოზიციის ლიდერს დღეს დაურეკეს და 20 ივნისის საქმეზე დაკითხვაზე მისვლა სთხოვეს. ვაშაძე უარს ამბობს პროკურატურაში გამოცხადებაზე და მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზეა თანახმა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, მისი და მისი კოლეგების დაბარებების სერიას პოლიტიკურ რეპრესიებს უწოდებს და არ გამორიცხავს მის დაკავებასაც.
„საქართველოს ყველა მოქალაქის ვალდებულება არის, პასუხი გასცეს მართლმსაჯულებას და სამართალდამცავ ორგანოებს თუ მასთან რამე შეკითხვები აქვთ. პირველი, მეორე, მეც მაქვს შეკითხვები. როგორ მოხდა 20 და 21 ივნისის ტრაგიკული მოვლენები როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა დაკარგეს ჯანმრთელობა. სახელმწიფომ აღკვეთა მათი თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათთვის გადაებრალებინა ის უმსგავსობა, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს ადამიანები იმის მაგივრად, რომ პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას ღებულობენ, მუდმივ ძებნაში იმყოფებიან იმ პიროვნებების, ვისაც რაღაცას გადააბრალებენ. სიამოვნებით მივალ მაგისტრ მოსამართლესთან, რაც მე გამომძიებელს ვუთხარი. ყველა შეკითხვაზე გავცემ პასუხს,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.