„კოალიციური მთავრობა იქნება,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
ჩუგოშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემდეგ მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ვერცერთი პოლიტიკური ძალა ცალკე ვერ შეძლებს 60 პროცენტის აღებას. შესაბამისად, 2020 წლისთვის ჩუგოშვილი კოალიციურ მთავრობას აანონსებს და ამბობს, რომ ეს მისთვის მისაღებია.
„რა რეიტინგებითაც არ უნდა სარგებლობდეს რომელიმე პოლიტიკური პარტია, ვერცერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში 60-70 პროცენტს ვერ აიღებს და ასეთი უპირატესობა არ ექნება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ყველა შემთხვევაში, კოალიციური მთავრობა იქნება აუცილებელი. მე გამორიცხული მგონია, რომ რომელიმე ერთმა პოლიტიკურმა ძალამ 50 პროცენტს ასე გადაამეტოს. ის მოლოდინი, რომ კოალიციური მთავრობა დასჭირდება ქვეყანას 2020-დან, არის სრულიად რეალისტური და ჩემი აზრით, კარგიც და სწორიც,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.