"რუსთავი 2"-ის საქმე და სტრასბურგის გადაწყვეტილების მოლოდინი - ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს მოარგოს.
თუმცა, მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მცდელობის მიუხედავად, დამოუკიდებელ ტელეკომპანიას ხელში ვერ ჩაიგდებს.
„ხელისუფლება შეეცდება ნაცადი ხერხით, რაღაცა ყური მოაბას მეორე მხარეს, რაღაცა სიტყვებს კონტექსტის გარეშე მოეჭიდოს და თავი, ანუ ქიბარ ხალვაში, გამარჯვებულად გამოაცხადოს, მაგრამ ეს უსუსური მცდელობა იქნება, ივანიშვილი "რუსთავი 2"-ს ვერ წაიღებს,“-ამბობნს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუკი ივანიშვილი შეეცდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ინტერპრეტირება მოახდინოს, მას დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
„თუკი ხელისუფლება, ივანიშვილისა და გახარიას მეცადინეობით რაიმე ფოკუსის ჩატარებას მოინდომებს და ვიწროპარტიულ ინტერპრეტაციას გაუკეთებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, კიდევ უფრო ძვირი პოლიტიკური ფასი დაუჯდება,“-ამბობს ნიკა მელია.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“ ყოველთვის იქნება, შეიძლება მხოლოდ ხელმძღვანელობა შეიცვალოს.
„გამოხატვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი პირადი დამოკიდებულება. "რუსთავი 2" სულ იქნება, შეიძლება ვიღაც დირექტორი შეცვალონ, თორემ "რუსთავი 2"
ისეთი ბრენდია, სულ იქნება,“-ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია ამბობს, რომ ის დარწმუნებულია სტრასბურგის სასამართლო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც თავისუფალ სიტყვას პრობლემას შეუქმნის.
საპარლამენტო უმრავლესობა კი ამბობს, რომ სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობის დროს გახდა მედია სრულიად თავისუფალი. მათი თქმით, დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ისინი სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის შესაბამისად იმოქმედებენ.