ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - 20 ივნისის საქმეზე საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს გრიგოლ ვაშაძეს ჰკითხავენ. ოპოზიციის ლიდერი დაკითხვაზე უფლებადამცველთან ერთად არის მისული. ვაშაძე დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფება.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 20 ივნისს ოპოზიციის ლიდერების მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, დღევანდელ საქართველოში გამორიცხული არაფერია და შესაბამისად, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა სტატუსით დაიკითხება.
„დღევანდელ საქართველოში ყველაფერი არის შესაძლებელი, ამიტომ აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ მაქვს, წყნარად ველოდები, გინდა ბრალდებული ვიყო, გინდა მოწმე. 20-21 ივნისის ამბებში აბსოლუტურად მართლები ვართ ჩვენ სულყველა და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს ისტორიაში წყალგამყოფი გაჩნდა, რაც არის ჩვენი ახალგაზრდები, რომლებმაც დაჰკარგეს ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლეც კი, საფრთხის წინაშე იყო და არავითარი პოლიტიკა დედამიწაზე, არავითარი ქვიშის ორმოში თამაში არ ღირს ადამიანის ჯანმრთელობად და სიცოცხლედ,“- განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება ორი საკმაოდ მძიმე მუხლით მიმდინარეობს: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ამბოხის გზით. ამ მუხლით უკვე ბრალდებული არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რაც შეეხება ოპოზიციის სხვა ლიდერებს, ისინი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხნენ.