19 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძესთან ვმეგობრობ - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, შოთა გეწაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, შოთა გეწაძესთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გასაუბრება. პროცესი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.

შოთა გეწაძე სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრია.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მას კითხვა დაუსვა მიხეილ ჩინჩალაძესთან და ლევან მურუსიძესთან არსებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით. რაზეც გეწაძემ განაცხადა, რომ მათთან მეგობრობს.

გეწაძე ასევე ირწმუნება, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძესთან მეგობრობა მის საქმიანობას ხელს არ შეუშლის.

„ეს არ არის დასამალი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, ვმეგობრობთ, ჩვენ ვართ თანამშრომლები, ერთი სასამართლოს მოსამართლეები, ეს არის ფაქტი, ამაში რაიმე უცნაურს მე ვერ ვხედავ. რაც შეეხება გავლენას, არც ბატონი მიხეილი არ არის ამ პროცესში ჩარეული და ვერც იქნება, არც ბატონი ლევანი, აქ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მე ვარ კანდიდატი და ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა. დღეს როგორც უკვე გითხარით, 4 საათის მანძილზე, მე მესაუბრებოდა იუსტიციის საბჭო და ვფიქრობ, რომ დასაბუთებული პასუხები გავეცი,“ - განაცხადა გეწაძემ.

მურუსიძე-ჩინჩალაძის და გეწაძის მეგობრობა მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის.

„მან ღიად განაცხადა, რომ ის არის მიხეილ ჩინჩალაძის და ლევან მურუსიძის მეგობარი, განმარტა მეგობრობა, როგორც ურთიერთობა, რომელიც წარმოშობს ერთგულების ვალდებულებას, სახელმწიფოებრივად, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ, რომ ჩვენ სახელმწიფოს შიგნით გვყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ აქვთ ერთგულების ვალდებულება და ეს არის მიუღებელი და საშიში იმიტომ, რომ მოსამართლეს, პირველ რიგში, ერთგულების ვალდებულება უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გუშინ დაიწყო. დღეს უკვე მეორე კანდიდატს ესაუბრებიან და კიდევ დარჩენილია ერთი კანდიდატი, რომელსაც დღის ბოლომდე მოუსმენენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 50 კანდიდატს უნდა გაესაუბროს.

დღის ამბები