„ის, რომ „რუსთავი 2“ არსებობს, ეს ინარჩუნებს ქვეყანაში პროცესებს დემოკრატიულ კალაპოტში, ეს კი "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს სხვანაირად წარმოუდგენია,“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თავისუფალი მედიის ჩახშობა უნდოდა. ჭიაბერაშვილის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია არსებობს და ეს არ გაქრება.
„ხელისუფლებაში მოსვლიდან, რაც აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს, ეს არის სწორედ თავისუფალი მედიის ჩახშობა, იმიტომ, რომ მან თავის დროზე სასამართლო ჩაიგდო ხელში და სტრასბურგის თუნდაც დღევანდელი გადაწყვეტილების ფონზე საქართველოში ალბათ, ეჭვი არავის არ ეპარება იმასთან დაკავშირებით, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე-ურთმელიძის სასამართლო ეს არის ბიძინა ივანიშვილის მონური სასამართლო,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს აღსრულება საკმაოდ სწრაფად განხორციელდა.
„ის სისწრაფე, რაც სტრასბურგის სასამართლოს აღსრულებას თან ახლავს, ახლა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ცალსახად კიდევ ერთხელ არწმუნებს მთელ საზოგადოებას, რომ აქ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ეს არის ქიბარ ხალვაშის ან ნებისმიერი სხვის დავა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ, რასაც თქვენ ატარებთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დავა, იმისთვის, რომ მას უნდა წარმოუდგინოს საზოგადოებას, თითქოს, ქვეყანაში, ყველაფერი კარგადაა,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს "რუსთავი 2"-ის საეთერო ბადის დღის წესრიგი შეცვალოს.
„რატომ არის სამიზნე რუსთავი 2, როცა რუსთავი 2 რეალობას აჩვენებს, სხვა ტელევიზიები, რომლებსაც მთავრობა აკონტროლებს, გინდა, არ გინდა, იძულებულია, რომ „ვიორსდკა“ გადმოწერილი იყოს იმაზე, დღის წესრიგს ანგარიში გაუწიოს. თუკი ისინი ახერხებენ, რომ შეცვალონ "რუსთავი 2"-ის საეთერო ბადის დღის წესრიგი, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას დაემსგავსება სხვა ეთერების დღის წესრიგი. ეს კიდევ უფრო ღრმად ჩაიტანს ნაცრის ქვეშ იმ ნაღვერდალს, მაგრამ საშიშია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ უმძიმესი სოციალური ფონია,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.