19 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
საქართველოში იყო პროქართული, შეფარულად პროპუტინურს ნიშნავს - გიგა ბოკერია ლავროვის განცხადებას ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელიც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა, „ევროპული საქართველოს“ წევრები გამოეხმაურნენ.  გიგა ბოკერიას შეფასებით, სერგეი ლავროვმა საკუთარ განცხადებაში, სადაც ის ამბობს, რომ „რუსთავი2“ პროქართული არხი ეგონა, პირდაპირ მიანიშნა, რომ ეს ტელეკომპანია პრორუსული უნდა გახდეს.

ბოკერია ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ყურადსაღებია და ის ყველასთვის გზამკვლევი უნდა იყოს.  მისი თქმით, საქართველოში ღიად იმის თქმა, რომ პრორუსული განწყობა გაქვს, დაუშვებელია, ამიტომ პუტინის პოლიტიკის მომხრეები ლავროვის მსგავსად შენიღბულად ტერმინ „პროქართულს“ იყენებენ.

„ლავროვის ეს განცხადება არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ გზის მკვლევი უნდა იყოს ჩვენთვის ყველასთვის. როცა პოლიტიკური ფიგურა საქართველოში იძახის, რომ  მე არც პროდასავლური ვარ, არც პრორუსული, მე ვარ პროქართული და ეს განწყობა, რაც ამ შემთხვევაში "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით დააფიქსირა მტრული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სინამდვილეში არის დაფარულად თქმა, რომ გინდა, რომ პროპუტინური იყო, იმიტომ, რომ პირდაპირ ამის თქმა არ შეიძლება საქართველოში, ამიტომ თუ გინდა, რომ თქვა, საქართველო რომ მოტრიალდეს პროპუტინისკენ და თავისუფლების დათმობისკენ, იძახი, რომ მე არც პროდასავლური მინდა ვიყო, არც პრორუსული, მე ვარ პროქართული. ამას იძახიან ხოლმე ოცნების სატელიტები, თვითონ „ოცნების“ წარმომადგენლები,“-განაცხადა ბოკერიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „რუსთავი2“-ის  ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა, რომ არ იცის სტრასბურგმა რა გადაწყევტილება მიიღო, თუმცა ეს არხი მას  პროქართული არხი ეგონა.

დღის ამბები