პაატა სალია „რუსთავი 2“-ში გენერალური დირექტორის სტატუსით პირველ გადაწყვეტილებებს იღებს. ქიბარ ხალვაშის დანიშნული კომპანიის ხელმძღვანელმა დღეს დილიდან შეხვედრები საფინანსო, ადამიანური რესურსების, იურიდიულ და სხვა დეპარტამენტებში გამართა.
4 წლის წინ დადებული პირობის შესრულებას ქიბარ ხალვაში, როგორც ჩანს, არ აპირებს. „რუსთავი2“-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ხალვაში ჯერ კიდევ 4 წლის წინ ამბობდა, რომ დავის მოგების შემთხვევაში, ის სამაუწყებლო კომპანიის დირექტორად „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელს დავით დვალს დანიშნავდა.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწვეტილების შემდეგ, ხალვაშმა დვალის ნაცვლად ამ თანამდებობაზე მისი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში პაატა სალია გენერალური დირექტორის სტატუსით დღეს დილით მოვიდა და ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა ქიბარ ხალვაშის კონსულტანტთან ერთად დაიწყო. სალია სამაუწყებლო კომპანიაში უახლოეს პერიოდში საერთაშორისო აუდიტის ჩატარებასაც გეგმავს.
„რუსთავი 2“-ის ფინანსური დეპარტამენტის წარმომადგენლები ქიბარ ხალვაშის მხარეს ფინანსურ დოკუმენტაციას ამ დრომდე აცნობენ. ინფორმაცია მიმდინარე დავებთან დაკავშირებით პაატა სალიას ტელეკომპანიის იურისტებმაც მიაწოდეს.
ახლადდანიშნული დირექტორი უკვე მეორე დღეა, ირწმუნება, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს და არხის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა. ცვლილება სალიას მტკიცებით, არც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს შეეხება.
გარანტიებს ახალი მფლობელისა და დირექტორისგან არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაურევლობის შესახებ ითხოვენ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახლადდანიშნული დირექტორი შეხვედრებს ამ დრომდე აგრძელებს.