19 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
„ქართული ოცნების“ წევრის საიდუმლო წერილი - შავი ფულით ნაყიდი მორჩილება და კავშირები რუსეთთან

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მოქმედმა თანამშრომელმა გადაწყვიტა ამხილოს პარტია, რომელიც დღეს საქართველოს მართავს. მეტი კონფიდენციალურობის დაცვის მოტივით „ოცნების“ თანამშრომელი „კურიერს“ შეუთანხმდა, რომ დაწერდა ყველაფერს, რაც იცის და რასაც ფიქრობს. წერილში ნაამბობი ფაქტები მიმდინარე პროცესებთან სრულ თანხვედრაშია, რაც აჩენს განცდას, რომ ყველაფერი, რაც ხუთგვერდიან გზავნილში წერია - რეალობაა. პირი, რომლის წერილსაც დღეს ვასაჯაროვებთ, ნამდვილად „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს და ეს ინფორმაცია „კურიერმა“ რამდენიმე დამოუკიდებელ წყაროსთან გადაამოწმა.

პირველი და მთავრი, რაც ამ წერილიდან ირკვევა, „ქართული ოცნების“ ოფისში შავი ფულის ბრუნვაა. დგინდება, რომ ფული საფინანსო სამსახურის უფროსს ნუგზარ ხუციშვილს აბარია, რომელიც თანხას ჩანთებით იღებს და შემდეგ სეიფში ინახავს.

ირკვევა, რომ ამ შავ ფულს პარტია პოლიტიკური მორჩილებისათვის და საარჩევნო პროცესებისთვის იყენებს, „ქართული ოცნების“ მოქმედი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ოფიციალური ხელფასის გარდა, რასაც პოლიტიკოსები იღებენ, მათ ბიძინა ივანიშვილი ცალკეც უხდის და ამით მათ პოლიტიკურ მორჩილებას ყიდულობს.

მმართველ გუნდში ამ თემაზე საუბარი არ სურთ. დეპუტატების ნაწილმა ალბათ არც კი იცის, რომ მათი კოლეგები დამატებით შემოსავალს პირადად ცენტრალური ოფისიდან იღებენ. ამბობენ, რომ ამის არ სჯერათ, თუმცა გამორიცხვითაც არაფერს გამორიცხავენ.

რა ხდება პარტიის კულუარებში კარგად იცის არმაზ ახვლედიანმა. ის ივანიშვილის პარტიაში 2012 წლის გამარჯვების შემდეგ მივიდა და გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა. ახვლედიანი პირველად ყვება, რომ პარტია დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა და შავი ფულით, უშიშროების სამსახურით და ხელისუფლებასთან ჩახუტებული ბიზნეს ელიტით იმართებოდა.

კაცი, რომლის ინტერესების დაცვაზეც არმაზ ახვლედიანი საუბრობს, ბიძინა ივანიშვილია. პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი გამორიცხავს, რომ შავი ფულის არსებობის შესახებ ივანიშვილმა არაფერი იცის. ამბობს, რომ ეს სწორედ ქვეყნის მთავარი ოლიგარქის მიერ დანერგილი პრაქტიკაა.

„ქართულ ოცნებაში" არსებულ შავ ფულზე საუბრობს ოპოზიცია. მტკიცებულებად რამდენიმე თვეში გაუგებარი გზებით გამდიდრებული მმართველი გუნდის დეპუტატები მოჰყავთ. „ქართული ოცნების“ დეპუტაციის უმეტესობის ქონებრივი დეკლარაციები რადიკალურად შეიცვალა. იშოვნეს ფული, ააშენეს სასახლეები და აუზშიც წყალი უკვე ჩაასხეს.

ირკვევა, რომ შავი ფულის განაწილების საქმეში  ნუგზარ ხუციშვილთან ერთად ჩართულია მთავრი ბუღალტერი ლექსო მურადაშვილი. წერილში ნახსენები პირების გასაცნობად „კურიერი“ პარტიის ოფისში მივიდა, თუმცა ჟურნალისტები ადგილიდან გამოყარეს.

ასევე ირკვევა, რომ კამერები ოფისებში რამდენიმე ადამიანის სტუმრობის დროს ითიშება. ისინი ძირითადად ის ხალხია, ვისი შეხვედრაც ბიძინა ივანიშვილთან საიდუმლოდ უნდა დარჩეს. თუმცა, საიდუმლო შეხვედრები საიდუმლოდ მაინც არ რჩება. წერილის ეს ნაწილი ოპოზიციასთან გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სტუმრობა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უკვე გავრცელებული ინფორმაციაა. მათ შორის ისიც, რომ თამარ ჟვანია ხელფასის გარდა თავის მომსახურეობაში ბიძინა ივანიშვილისგან საკმაოდ სოლიდურ თანხებს იღებს.

„კურიერმა“ გაარკვია ისიც, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ოპონენტების ანტიპიარით ცალკე სამსახურია დაკავებულია. ამ სამსახურს ლაშა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს. წერილის ავტორი ამტკიცებს რომ ნაცვლიშვილთან კონსულტაციებზე მინისტრები, დეპუტატები და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული სხვა ცნობილი სახეები ხშირად დადიან.

შავი პიარის ავტორი ლაშა ნაცვლიშვილი პარტიაში ანტიპიარის მსხვერპლი თავადაც არის. „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მოქმედი თანამშრომელი გვიყვება, რომ იმ ჭრელ საზოგადოებაში, რომელითაც პიარის განყოფილება არის სავსე, შიდა დაპირისპირებებიც ხშირია.

5-გვერდიან წერილში პარტიის მოქმედი თანამშრომელი დეტალურად გვიყვება პარტიის წევრების დამოკიდებულებას რუსეთთან. ამბობს რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბს შიგნითვე ხუმრობით რუსეთის საკონსულოს უწოდებენ.

 

დღის ამბები