შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში დღესაც შეიკრიბებიან. მანამდე კი პარლამენტთან ე.წ. "ფლი მარკეტი" გაიმართება, შემოსული თანხის ნაწილი კი აქციას მოხმარდება.
გუშინდელი დემონსტრაცია კი შუაღამისთვის დასრულდა. საქართველოს ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, რომ ხალხის რაოდენობის დათვლას თავი დაანებონ. მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს სიმტკიცისკენ მოუწოდა.
„მინდა მივმართო "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, ვისაც დღეს შეიძლება მორალურად უჭირთ, ეს მიტინგი, რაც აქ დგას და ეს ღირსების ერთ თვე, რომელიც გავიდა, ეს მიტინგი არის დასტური იმისა, რომ სწორი იდეებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის შედეგიანია. იცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში არ ხართ მარტო, დაიცავით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, იყავით მტკიცედ. იცოდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეები თვლიან, რომ ეს არხი თქვენია,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
სიტყვით შეკრებილებს ასევე მიმართა ტელეკომპანია ”კავკასიას” გენერალური დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ვიღაცამ გაიმარჯვა, თუ სამაუწყებლო კომპანია ხელში ჩაიგდო.
„ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, ერთი თვეა აქ ვდგავართ და ვერ მივაღწიეთ იმ კაცის გადაყენებას, რომელიც წესით, თვითონ უნდა წასულიყო ერთი თვის წინ თანამდებობიდან. ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, რომ ვიღაცამ გაიმარჯვა, როდესაც ქვეყანა კიდევ უფრო ჩააბნელა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინფორმაციო საშუალება, ძალიან დიდი არხი ჩაიგდო ხელში და აბნელებს, თუმცა, ყოველთვის ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და მალე ამას დაინახავს ყველა,“ - განაცხადა ჯანგირაშვილმა.
20 ივნისის აქციის სისლიანი დარბევიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, მანიფესტანტები რუსთაველის გამზირზე ბანერებით ხელში მივიდნენ, რომლებზეც რიცხვები იყო გამოსახული - ეს სიმბოლური ნიშანია მათი სიმრავლისა და პასუხი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტის წინ 200 კაცი დგას, ისიც ოპოზიციის მობილიზებული.