19 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
გოგორელიანი და გიორგაძე - ამათი დაკვეთაა ეს ყველაფერი, რადგანაც ესენი უნდა დაისაჯონ - იულია სუსლიაკის ადვოკატი

იულია სუსლიაკი საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვები პუნქტ „ვახტანგისში" იმყოფება. უკრაინის მოქალაქე, რომელსაც დილით ადრე მესაზღვრეებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება არ მისცეს, საზღვის გადმოკვეთას გეგმავს.

სუსლიაკი უკვე გამოატარა აზერბაიჯანულმა მხარემ და ამჟამად მასთან კითხვები ქართველ სამართალდამცველებს აქვთ.

საკითხის მოსაგვარებლად ადგილზე რამდენიმე საათის წინ ჩავიდა იულია სუსლიაკის ადვოკატიც.

ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ახლა დამატებითი პროცედურები ტარდება. მისი თქმით, სუსლიაკი გაიყვანეს ცალკე ოთახში და მას კითხვებს პროკურატურის წარმომადგენლები უსვამენ. ამ პროცესზე დასწრების საშუალებას ადვოკატს არ აძლევენ.

თოდუას თქმით, სუსლიაკი გარდაბანში დააკავეს და შემდეგ გადაიყვანეს გამშვებ პუნქტზე და მას საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ სუსლიაკის საქართველოში შემოსვლას პროკურატურის წარმომადგენლები აჭიანურებენ.

„ისინი პროკურატურასთან თათბირობენ ახლა, არ უნდათ ცოცხალი თავით, რომ იულია სუსლიაკი შემოვიდეს საქართველოში და იქ ბრიფინგი ჩაატაროს და თქვას სიმართლე. გოგორელიანი და გიორგაძე - ამათი დაკვეთაა ეს ყველაფერი, რადგანაც ესენი უნდა დაისაჯონ. ვიდეო ფაილები მაქვს რაღაც ისეთი, რასაც მალავდა პროკურატურა, მაგრამ ფაილებში, რომელიც მე ძალით წავართვი იმათ, მე აღმოვაჩინე ბავშვებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები,“ - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით, როდესაც ის ბაქოდან თბილისში მატარებლით ბრუნდებოდა, მოულოდნელად მატარებელი გააჩერეს. როგორც "კურიერს" სუსლიაკის მეუღლე უყვება, ორმა უცნობმა პირმა სუსლიაკი მატარებლიდან ჩამოიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

სუსლიაკი საქართველოში კონსულტაციებისთვის ბრუნდებოდა. იგი ხვალ ბრიფინგის გამართვასაც გეგმავდა, რომელზეც აპირებდა დაესახელებინა ის პირები, ვინც მისი თქმით, საქმეში ჩართული იყო, მას აყალბებდა და სუსლიაკზე ზეწოლას ახორციელებდა.

შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკის საქმე შეწყვეტილი არ არის და ის გამოსაძიებლად სრულად გადაეცა უკრაინის მხარეს. თავად სუსლიაკი კი ამბობს, რომ ის უკრაინაში არ დაბრუნდება, სანამ საქართველოში არ აღადგენს სამართლიანობას და მის შელახულ რეპუტაციას.

ამავე თემაზე
დღის ამბები