სუსლიაკების სკანდალური საქმე გრძელდება. იულია სუსლიაკი ჯერ ისევ დააკავეს, შემდეგ კი ქვეყანაში აღარ შემოუშვეს. სუსლიაკი, რომელსაც ტრეფიკინგსა და ბავშვებით ვაჭრობაში ედებოდა ბრალი, სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა.
უკრაინის მოქალაქე ბაქოში გაემგზავრა და დღეს დილით ისევ საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა ის საზღვარზე არ შემოუშვეს.
„რუსთავი 2“-ის გადამღებმა ჯგუფმა იულია სუსლიაკის ინტერვიუ აზერბაიჯანის მხარეს, მობილური ტელეფონით ჩაწერა. არშემოშვების მიზეზად კი დასახელდა, რომ იულია სუსლიაკის საქართველოში შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელწმიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართვლოში მცხოვრები პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.
იულია სუსლიაკის მეუღლის მტკიცებით, ქალი გვიან ღამით დააკავეს. ის ბაქოდან თბილისში მატარებლით ბრუნდებოდა. იური სუსლიაკი ყვება, როცა მატარებელი გააჩერეს, ორმა უცნობმა პირმა ქალი მატარებლიდან ჩამოიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.
იულია სუსლიაკი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გამოატარა აზერბაიჯანულმა მხარემ, რის შემდეგაც ის საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა დაკითხეს. პროცესს არ დასწრებია ადვოკატი.
ადვოკატი და სუსლიაკების ოჯახი დარწმუნებულია, რომ ათი შვილის დედის დაკავება გუშინ „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს მოჰყვა. რეპორტაჟში სუსლიაკი ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნებასა და დაკავების დღიდან მის გათავისუფლებამდე მომხდარ ამბებზე საუბარს აპირებდა. ბრიფინგის ჩატარებას და კონკრეტული გვარ-სახელების გაჟღერებას იულია სუსლიაკი ხვალ 13:00 საათზე აპირებდა.
იულია სუსლიაკი საქართველოში ათ ბავშვთან ერთად 26 აპრილს შემოვიდა. ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებულ ქალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი ვერ დაუმტკიცა.
საქართველოს შს სამინისტროს მტკიცებით, ერთი მცირეწლოვანი - სავა სუსლიაკი გამოძიებისთვის დაუდგენელ ვითარებაში იულია სუსლიაკმა რუსეთში გაყიდა, დანარჩენი ბავშვები კი ამავე მიზნით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიჰყავდა.
თუმცა, ეს ვერსია ექსპერტიზის დასკვნებით ინგრევა, დგინდება 10 დან 4 ბავშვის ბიოლოგიური დედა თავად იულიაა, დანარჩენი ბავშვები კი სუროგატმა იური სუსლიაკისგან გააჩინა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი ოჯახი ბიზნესში შექმნილ პრობლემებს და ინტერპოლს გაურბოდნენ.
ავტორი: რუსუდან გიორგაძე.