ცენზურის პირდაპირი მცდელობა და უხეში ჩარევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში - ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია არხის მფლობელის წერილობით თავდასხმას "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე.
საპარლამენტო ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ქიბარ ხალვაში ხელისუფლების დავალებას ასრულებს. ოპოზიციონერი დეპუტატები ორ სცენარზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ ქიბარ ხალვაში იმოქმედებს. ენმ-ს წევრის სალომე სამადაშვილი ვარაუდობს, რომ ერთის მხრივ ქიბარ ხალვაში შეეცდება ფინანსური კრიზისი შექმნას ტელეკომპანიაში და მეორეს მხრივ, დანიშნოს ცენზორი, რომელიც საბოლოო ჯამში გააკონტროლებს და შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას.
„მე ვფიქრობ, რომ რეალურად როგორც ჩანს ქიბარ ხალვაშს აქვს გეგმაში ორი მიმართულებით წაიყვანოს საქმიანობა არხზე როგორც ახალმა მფლობელმა. ერთი, ეს იქნება ფინანსური მხარე საკითხების და მეორე, როგორც ვხვდები მას აქვს სურვილი, რომ ვიღაც დანიშნოს ფაქტიურად ასე ვთქვათ, ახალი ცენზორი დაუნიშნოს არხს უცხოელი მრჩევლის სახლით ესე გავიგე მე მისი განცხადება, რომელიც შემდგომ განსაზღვრავს ახალ სარედაქციო პოლიტიკას არხის რეალურად და ვფიქრობ, რომ თანამშრომლებს დაუყენებენ მოთხოვნას, რომ თუ მათ აწყობთ ეს პირობები მათ შეუძლიათ, რომ გააგრძელონ მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნება მათ, ვინც ამ ახალ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
"რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საშიშროებაზე საუბრობს გიგა ბოკერიაც. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ სწორედ ეს მოტივი ამოძრავებდა ბიძინა ივანიშვილს მაშინ, როდესაც "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.
„მოტივი იყო სწორედაც, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და ეს სიგნალიც ამიტომ არ არის მოულოდნელი. ყველა შემთხვევაში ივანიშვილის ხელისუფლება შეეცდება, რომ ფუნდამენტურად შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ეროვნულ დონეზე არსებული ერთადერთი არხის, რომელიც იყო კრიტიკული, ძალიან კრიტიკული ზოგჯერ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, მათი კონტროლის ქვეშ არმყოფი, იყოს მყარად, ამა თუ იმ ფორმით მათი კონტროლის ქვეშ. რამდენად შორს წავლენ და დაემსგავსება ეს თუ არა იმ კარიკატურებს რაც სხვა პროპაგანტდისტულ ორგანოებში ხდება თუ ვთქვათ ნაკლებად მყვირალა იქნება, ეს არ არის არსებითი საკითხი. არსებითი საკითხია ის, რომ რაც იყო მათი ამოცანა, ეს ამოცანა მიჰყავთ. ახლა საკუთრების საკითხი ხომ არ აინტერესებდა მართლა ივანიშვილს, ეს ხომ ანეკდოტია უბრალოდ. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც დადგა, რომელიც არის საზიანო ქვეყნისთვის,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"რუსთავი 2"-ის წილის 100%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ "სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას." ამავე განცხადებაში ხალვაში განმარტავს, რომ უკვე ეძებს კადრს, სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელ ან ამერიკელ მედია-მენეჯერს, რომელიც ტელევიზიას ჩაიბარებს.