19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მაღალი კლასის კრიტიკული მედიის სარედაქციო პოლიტიკა, როგორიც "რუსთავი 2-ია", შენარჩუნდეს" - ექსპერტები

 მედიაექსპერტები ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომლის საშუალებითაც ახალმა მფლობელმა შესაძლოა, "რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკა შეზღუდოს, ფინანსური პრობლემებია. მათი აზრით, ამ პრობლემით შესაძლოა, ქიბარ ხალვაშმა არხზე კრიზისი შექმნას. ამის შესახებ განცხადებები "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებისა და დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ქართული წარმომადგენლობების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ არხის ახალი მფლობელი შეეცდება, ლეგალური გზებით შექმნას ფასადური პრობლემები.

„ტელევიზიასთან მიმართებით, ისევ დიდხნიან პერიოდს, ბოლო პერიოდს რომ დავაკვირდეთ, მიდის მიზანმიმართულად მოგუდვა სხვადასხვა არგუმენტით, ტექნიკური და ლეგალური არგუმენტებით იმისთვის, რომ გარედან შექმნან ფასადი, თითქოს, ტექნიკური, ლეგალისტური, ქონებრივი დავის შედეგად გაქრა საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ყველაზე ძლიერი და მძლავრი ალტერნატიული, მთავრობისადმი კრიტიკული ხმა. ეს არის საგანგაშო ფაქტორი მიუხედავად ყველა დეტალისა, დეტალებში ჩასვლას არ ვაპირებ. მაგრამ ზოგადი აღქმა არის ის, რომ აი, ასეთუ ტექნიკური და ტაქტიკური მოგუდვის მეთოდით ხდება საინფორმაციო სივრცის სტერილიზაცია,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

არხის სარედაქციო პოლიტიკას რომ საფრთხე ემუქრება, ამაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორიც. ეკა გიგაურის ეჭვს ის გარემოება აღრმავებს, რომ ქიბარ ხალვაში არ დათანხმდა მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან საბჭოს შექმნას, რომელსაც ნდობას "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები უცხადებდნენ.

„ის რომ ქიბარ ხალვაში არ დათანხმდა იმ საბჭოს შექმნას, ეგ უკვე მიუთითებს იმაზე, რომ მას აქვს გარკვეული გეგმები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ მთავარი იყო კონცეფცია საბჭოსი და არა მისი შემადგენლობა. იმიტომ, რომ შემადგენლობაში თუ სხვა დამოუკიდებელი პირები იქნებოდნენ, ეგეც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ კონკრეტულ მექანიზმად აღგვექვა ჩვენ, რომ არ შეცვლილიყო სარედაქციო პოლიტიკა და არ შეიზღუდოს თვითონ ჟურნალისტების უფლებები. ჩვენ გავაგრძელებთ დაკვირვებას "რუსთავი 2-ის" ახალი მფლობელის. რა თქმა უნდა, ყველა იმ ფაქტზე, რომელიც იქნება დაკავშირებული კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან ან რომელიმე ჟურნალისტის უფლებების დარღვევასთან, ჩვენ ამაზე გვექნება ძალიან მწვავე რეაგირება,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ "რუსთავი 2-ში" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლით დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ ეს გავლენას იქონიებს საზოგადოებაზე.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მაღალი კლასის კრიტიკული მედიის სარედაქციო პოლიტიკა როგორიც არის "რუსთავი 2" შენარჩუნდეს. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხმა არის პროდასავლური საქართველოში და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სარედაქციო პოლიტიკა შენარჩუნდეს. თუ რამე ამას დაემუქრა, ეს არის საფრთხე არა მხოლოდ ამ კონკრეტული გუნდისთვის რომელიც "რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკას ქმნის, არამედ მთლიანად ყველასთვის,“ - განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ, დავით სიხარულიძემ.

მედიამრავალფეროვნების აუცილებლობაზე საუბრობს ”ჰიუმან რაით ვოჩის” სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი. გიორგი გოგია ამბობს, რომ "რუსთავი 2" სწორედ ის არხია, რომელიც ამ მრავალფეროვნებას ჰქმნის.

„ძალიან მნიშვნელოვანია მედია მრავალფეროვნება. "რუსთავი 2-ის" კრიტიკული მედიაა, რომელიც ამ მედიამრავალფეროვნების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, როგორც ახალი მფლობელის მიერ ასევე ხელისუფლების მიერ რომ არ დაირღვეს მედიათავისუფლება,“ - განაცხადა გიორგი გოგიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები