19 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დღევანდელი პროცესი დოლიძემ და ჯანეზაშვილმა დატოვეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი კამათის ფონზე მიმდინარეობდა. საბჭოს წევრების უკმაყოფილება გასაუბრების დრომ გამოიწვია, რადგან მათი თქმით, პროცესი არასამუშაო საათებში მიმდინარეობს. გასაუბრების პროცესი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„ბატონი დიმიტრი დადგა ახლა და მიწესებს მე რიგითობას, როდის უნდა დავსვა მე შეკითხვა, რომ აუცილებლად ღამის 10 საათზე დავსვა შეკითხვა, რომ თვითონ კმაყოფილება იგრძნობს. ეს ნორმალური, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ? მე მაქვს თუ არა უფლება, 6 წლამდე ასაკის შვილი მყავს, 9 თვის არის ჩემი შვილი, რომ წავიდე და მქონდეს ურთიერთობა. შექმენით ნორმალური სამუშაო გარემო,“ - მიმართა დიმიტრი გვრიტიშვილს ნაზი ჯანეზაშვილმა სხდომის დატოვებამდე

მათი თქმით, იუსტიციის საბჭოს პროცესის დასრულება ეჩქარება და ამიტომ გასაუბრების ეტაპებს ღამის საათებში ატარებს. ისინი სახალხო დამცველსაც მიმართავენ, რადგან ამბობენ, რომ ქალების დისკრიმინაციის ფაქტს აქვს ადგილი. ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის განცხადებით, ასევე ირღვევა შრომითი უფლებები. 

„ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოს აქვს პოლიტიკური დაკვეთა ჩქარა დაასრულოს ამ პროცესის განხილვა საქართველოს პარლამენტში. დღეს ჩვენ მივმართავთ, ვისაც ადარდებს ქალთა უფლებები და, პირველ რიგში, სახალხო დამცველს, გამოიკვლიოს და დადოს დასკვნა. შეაფასოს ის დისკრიმინაციული დამოკიდებულება, რომელიც ბუდობს ამ პროცესში,“ - განაცხადა ანა დოლიძემ. 

თავად დიმიტრი გვრიტიშვილი კი აცხადებს, რომ ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი პროცესს შეგნებულად აჭიანურებენ.

დღეს დილიდან, საბჭოს წევრები გენერალური პროკურორის მოადგილეს, მამუკა ვასაძეს უსმენდნენ. მთავარი შეკითხვები მის რეკომენდატორებს შეეხებოდა, რომლებიც მოქმედი და ყოფილი პროკურორები არიან.

გასაუბრების პროცესი, ამ წუთებში, უკვე მომდევნო კანდიდატთან მაია ვაშაძესთან გრძელდება.

დღის ამბები