შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგს, სადაც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების პირველი გამავრცელებლები დაასახელეს და პასუხისგებაში მისცეს, ეკა ბესელია გამოეხმაურა. დეპუტატი ამბობს, რომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მას ახლა უფრო მეტი კითხვა აქვს, ვიდრე აქამდე ჰქონდა.
მისი თქმით, ის სრულად იცნობს საქმის მასალებს და ამ პირთან დაკავშირებით გამოძიებას მასთან არ უთანამშრომლია. ეკა ბესელია აცხადებს, რომ მისთვის საეჭვოა, რატომ დაინტერესდა გამოძიება ახლა ამ ადამიანით და რატომ წარუდგინეს მას ბრალი დღეს, როცა „რუსთავი 2"-მა ამ საკითხზე რეპორტაჟი რამდენიმე თვის წინ მოამზადა.
ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც იკითხა, იყო თუ არა ეს პირი პირველწყარო, ვინც სოციალურ ქსელში კადრები გაავრცელა. თუმცა ბესელია ამბობს, რომ გამომძიებლებმა მას განუცხადეს, რომ აღნიშნნული პირი, პირველწყარო არ იყო.
„სომხეთის ციხეში მყოფი ამ პატიმრის თაობაზე ჩვენ ვიცოდით ეს რამდენიმე თვეა უკვე და მე მახსოვს, რომ „რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა ინტერვიუ სწორედ ამ პატიმართან. მაშინ ეს არავინ ჩათვალა სერიოზულად და აქამდე რატომ არ იყო ბრალი წარდგენილი ამ ადამიანისთვის, ეს ერთი კითხვა, მეორე, მე როცა საგამოძიებო მასალებს გავეცანი, ვიკითხე, იყო თუ არა ეს ადამიანი დაკითხული და მითხრეს, რომ ელოდებოდნენ სომხეთიდან მასალებს, რომ ჩვენი გამომძიებელი არ შეუშვეს და მას არ მისცეს უფლება დაეკითხა ეს პატიმარი და ეს ფაქტიც ასევე უცნაურია. ბოლოს რამდენიმე დღის წინ კიდევ გადავამოწმე, იყო თუ არა სომხეთიდან რაიმე ინფორმაცია ამ პატიმართან დაკავშირებით და პროკურატურამ მითხრა, რომ ეს პატიმარი ჩვენებას არ იძლეოდა. მთავარი კითხვა დავსვი, იყო თუ არა ეს პირველი წყარო, საიდანაც მოხდა ამ უკანონო ქმედების განხორციელება და მითხრეს, რომ ეს არ არის პირველი წყარო. ეს იძლევა საფუძველს, რომ ეს ინფორმაცია სერიოზულად მივიღოთ?“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 პირი დაასახელა, ერთი სომხეთის ციხეში სასჯელს იხდის, მეორე - რუსეთის მოქალაქეა. ისინი პასუხისგებაში დაუსწრებლად მიეცნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფორმით გამოეხმაურა გუშინ „რუსთავი 2-ის“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟს, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რომ რეზონანსულ საქმე კვლავაც არაა გახსნილი. ერთ დღეში კი პოლიციამ საგანგებო ბრიფინგზე საქმე გახსნილად გამოაცხადა.