გენერალური პროკურორი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის ემზადება. ამის შესახებ განცხადება მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის გამართულ გასაუბრებაზე გააკეთა.
მანამდე კი შალვა თადუმაძე თავის მართლების რეჟიმში მისი დიპლომის გამო აღმოჩნდა. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც საზოგადოებას ერთი წლის განმავლობაში უმალავდა, დღეს „კურიერმა“ გაასაჯაროვა.
აქვს თუ არა უმაღლესი იურიდიული განათლება და როგორ ჩააბარა 1993 წელს იმ უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც ოფიციალურად ერთი წლის შემდეგ შეიქმნა - იუსტიციის საბჭოში გასაუბრებაზე მისულმა შალვა თადუმაძემ დღეს დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გენერალური პროკურორი, იუსტიციის საბჭოს წევრების კითხვებს 5 საათის განმავლობაში პასუხობდა. გაირკვა, რომ მას მოსამართლის თანამდებობაზე რეკომენდაციას 3 პოლიტიკოსი უწევს. სამივე მმართველი პარტიიდანაა - „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე და მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მოქალაქის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად კი გენერალური პროკურორი ირწმუნება, რომ ამ კონკურსში გარანტიები წინასწარ არავისგან მიუღია. თუმცა ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს არათუ მოსამართლეობას, არამედ თავმჯდომარეობასაც იმსახურებს.
ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს უთხრა, რომ არ მოსწონს, როდესაც სასამართლოს ღიად აკრიტიკებენ და ამით სისტემის რეპუტაციას ლახავენ, მისივე თქმით, ციხე შიგნიდან არ უნდა ტყდებოდეს.
გენერალური პროკურორი არ ფიქრობს, რომ დღეს სასამართლოს ე.წ. კლანი მართავს. მოსამართლეები კი, რომლებსაც ის, როგორც ადვოკატი, წინა ხელისუფლების დროს ხშირად აკრიტიკებდა, უბრალოდ მანკიერი სისტემის და ცუდი კანონების მსხვერპლნი იყვნენ.
გენერალურმა პროკურორმა დღეს კონკრეტულ რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით არ ისაუბრა. საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ გასაუბრების ფორმატი ანგარიშის ჩაბარებას არ ავალდებულებს.