19 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
მე არ ვიტყვი, ვინ იქნება დირექტორი, რასაც მეტყვით, იმას დავემორჩილები - ოქრუაშვილის თქმით, "რუსთავი 2-ს" სამართავად თანამშრომლებს გადასცემს

ირაკლი ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ "რუსთავი 2-ის" ახალი ხელმძღვანელობა შეეცდება, კომპანიაში ფინანსური კრიზისი შექმნას. ამის შესახებ განცხადება "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა გადაცემა "არჩევანში" გააკეთა. მისი თქმით, ქიბარ ხალვაშს ფული არ აქვს და ივანიშვილი კიდევ ამ ფულს არ მისცემს, რადგან არ სურს, ის კრიტიკული აზრი მოისმინოს "რუსთავი 2 -ისგან", რომელიც ესმის.

„ჩემი ვარაუდით, ისინი არ ჩაერევიან თქვენს სარედაქციო პოლიტიკაში. ისინი ფულს არ ჩადებენ და კომპანიას გააკოტრებენ. არ ვიცი, ვინ რამდენი ხნით გაძლებთ უხელფასოდ, უბენზინოდ, შეიძლება დენის დავალიანება დაგიგროვდეთ. ეს არის მათი გეგმა,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა "არჩევანში" კიდევ ერთხელ განმარტა მისი განცხადება, რომ "რუსთავი 2-ის" დაბრუნების შემთხვევაში ის კომპანიას 10 თანამშრომელს გადასცემს სამართავად. მისი თქმით, მან არასწორად დაასახელა ციფრი, რადგან "რუსთავი 2-ში" გაცილებით მეტი ადამიანი მუშაობს. მან ეკა კვესიტაძეს მის წარმომადგენლად დანიშვნა შესთავაზა.

„ჩემი მხრიდან შეიძლება არასწორი იყო ციფრი 10-ის თქმა, ერთი მარტივი მიზეზის გამო. აქ მუშაობს 300-ზე მეტი ადამიანი. ამიტომ 10 ადამიანის დასახელება შესაძლოა, მეტი დისონანსის შემომტანი იყოს ჩემი მხრიდან. მე ამ ათს მოვხსნი ცოტა ხანი, ვიგულისხმე გაცილებით მეტო. მე არ ავარჩევ კონკრეტულად არავის და არ ვიტყვი, ვინ შეიძლება იყოს დირექტორი. თქვენ ისაუბრეთ ამაზე. რასაც მეტყვით იმას დავემორჩილები,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, დავის მოგებას, დაახლოებით, 5-6 წელი დასჭირდება. თუმცა მთელი ამ პროცესის განმავლობაში ის დისკომფორტს შეუქმნის ივანიშვილს.  

„ეს საქმე უნდა გავხადო ივანიშვილისთვის ყელში გაჩხერილი საქმე,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები