19 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
„უზნეობაა იმის მტკიცება, რომ ვანო ზარდიაშვილის ხელით შეტევა მიიტანა უმრავლესობამ ეკატერინე ბესელიაზე" - გია ვოლსკი

ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება ეთიკის საბჭოში გადაინაცვლებს. ეკა ბესელიამ უკვე განაცხადა, რომ ვანო ზარდიაშვილს, რომელმაც მას ვირთხა უწოდა, ეთიკის კომისიაში უჩივლებს და მისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მოითხოვს. უმრავლესობის ყოფილი წევრი დარწმუნებულია, რომ მას ხელისუფლება სწორედ ვანო ზარდიაშვილის პირით ესაუბრება, რის გამოც აფრთხილებს ყოფილ თანამოაზრეებს, რომ ასეთი საუბრის გაგრძელების შემთხვევაში მისი პასუხი ძალიან მწვავე იქნება. ბესელია ზარდიაშვილს არარაობას უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ბევრ რამეს საჯაროდ არ ლაპარაკობს.

უმრავლესობის ლიდერი კი ეკა ბესელიას ამ ვარაუდს პოლიტიკურ უზნეობას უწოდებს. გია ვოლსკის თქმით, ეკა ბესელიას ურჩევნია განმარტებები გააკეთოს კორუფციასთან მის შესაძლო კავშირზე.

„უზნეობაა იმის მტკიცება, რომ ვანო ზარდიაშვილის ხელით შეტევა მიიტანა უმრავლესობამ ეკატერინე ბესელიაზე. ეს პოლიტიკური უზნეობაა და გარკვეულ პროპაგანდისტულ მიზანს ემსახურება. ეს, სამწუხაროდ, დეპუტატებს შორის ასეთი შეძახილების და შეხლა-შემოხლის ეპიზოდები ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას გააჩნია და მე ვფიქრობ, რომ ის მომავალში ან დარეგულირდება ანდა ისეთი გზით გაგრძელდება, როგორიც არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრ დემოკრატიას ახასიათებს. საზოგადოება არის ყველაზე დიდი და ყველაზე მძლავრი ეთიკური საბჭო, რომელიც შეფასებებს მისცემს ყველაფერ ამას 2020 წლის არჩევნების დროს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეთიკის საბჭოში საჩივრის შეტანას აპირებს ვანო ზარდიაშვილიც. ის არ აპირებს ბოდიშის მოხდას მისი განცხადების გამო. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვანო ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას ვირთხა უწოდა და აღნიშნა, რომ მას გუნდის კულუარული ინფორმაცია გარეთ გაჰქონდა. მან ეკა ბესელია კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. ეკა ბესელიამ კი მას მხდალი უწოდა და "ოცნებას" მიმართა, რომ ნუ აიძულებენ, გახსნას ყველა კარტი. 

დღის ამბები