რატომ გაახსენდა პროკურატურას "თიბისი ბანკის" საქმე მაშინ, როცა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ პარტიის შექმნა დააანონსეს, ნიშნავს თუ არა ეს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური განეიტრალების მცდელობას და რა ბედი ელის ანაკლიის პროექტს - მმართველი გუნდი "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირებს.
გია ვოლსკი აცხადებს, რომ კითხვას სხვაგვარად დასვამდა. მისი თქმით, იქნებ მამუკა ხაზარაძემ სწორედ იმიტომ განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რომ მისი საქმე თაროზე არ იყო შემოდებული.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხის გათეთრებაზე თუ არასწორ მანიპულაციაზე იყო საუბარი. ზუსტად ვერ იტყვის ვერც ერთი პოლიტიკოსი, ამიტომ პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს და ბრალდებებიც უნდა იყოს ზუსტი, დასაბუთებული და სასამართლომაც უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კითხვებს არ დატოვებს საზოგადოებაში. თაროზე ვინ შემოდო ეს საქმე, მე არ ვიცი, იყო თუ არა საერთოდ თაროზე შემოდებული თუ პროცესი გრძელდებოდა, ეგ ერთია და, ახლა პოლიტიკაში შემოსვლა ადამიანმა შეიძლება განაცხადოს იმისთვისაც, რომ იცის, რომ თაროზე არ არის საქმე შემოდებული და შემდეგ მხოლოდ ის კითხვა გააჩინოს, რაც მხოლოდ "რუსთავი 2-ს" შეიძლება ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ სიღრმისეული ანალიზი იქაც შეუძლიათ,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქმის მასალებს არ იცნობს თამარ ჩუგოშვილი. ის ამბობს, რომ დეტალებზე საუბარი გაუჭირდება. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ გამოძიება მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ აქტივობას არ უკავშირდება.
„ეს გამოძიება ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე რაიმე პოლიტიკურ მოძრაობაზე იყო საუბარი. რაც შეეხება ამ ანაკლიის პორტს, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არაერთხელ ითქვა. თუ კი რაიმე შეღავათი და ხელშეწყობა შეიძლება ყოფილიყო, პირობების გაუმჯობესება, ვადების გადადება და ა.შ. და გამარტივება მოცემულობის კონსორციუმისთვის, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი იქნა გაკეთებული. ის, რომ არ დადგეს პასუხისმგებლობა თუ კი დანაშაულის ნიშნები არსებობს, ეს მგონი მიდგომაა და თუ ვინმე ასე აყენებს საკითხს, მაშინ ის არის გაცდენილი სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მათ ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართავს.