ეკა ბესელია დანაპირებს ასრულებს. მას შემდეგ, რაც მას ყოფილმა თანაგუნდელმა ვანო ზარდიაშვილმა ვირთხა უწოდა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე საუბარი დაიწყო. ეკა ბესელია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ვანო ზარდიაშვილის გუნდიდან გაშვებას აპირებდა. ბესელია ვანო ზარდიაშვილის კანონდარღვევებზე საუბრობს და მას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.
„ამ პრეცენდენტებს ნამდვილად შევქმნი პარლამენტში, რომ პარლამენტის წევრი არ შეიძლება ასე იქცეოდეს, არ შეიძლება ასე ლაპარაკობდეს, არ შეიძლება მართლა კორუფციით იყოს დაკავებული და პირდაპირ სასამართლოში აფათურებდეს ხელებს. რასაც თავად აკეთებს, იმას აბრალებს სწორედ თავის ოპონენტებს და იმათ, ვის წინააღმდეგაც მას უნდა, რომ გაილაშქროს. ეს პირდაპირ დაკავშირებულია იმ მოსამართლეთა ჯგუფთან და ჩინჩალაძესთან არის დაახლოებული პირი და საქმეების მოგვარებით, საქმეების სასურველი შედეგით გადაწყვეტით, აი, ამითი არის დაკავებული არა მხოლოდ სასამართლოში, მისი ინტერესები იყო ასევე მერიაში,“ - განაცხადა ბესელიამ.
„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული პოლიტიკოსი ამბობს, რომ ზარდიაშვილის კორუმპირებულობის შესახებ ინფორმაცია მას ადრეც ჰქონდა, რაზეც ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა. მისი თქმით, ივანიშვილს ამაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა და დეპუტატისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზეც კი ფიქრობდა.
„მე ამის თაობაზე ბიძინა ივანიშვილს ვესაუბრე რამდენჯერმე, რომ ზარდიაშვილი კორუფციული ინტერესებით მოქმედებდა პარლამენტში შემოსვლის დღიდან და ჩემთვისაც იყო ეს ცნობილი და როგორც კი გავიგე, მაშინვე ვუთხარი, მისი რეაქცია იყო საკმაოდ მწვავე და მან ისიც კი თქვა, რომ ზარდიაშვილს პარლამენტს დაატოვებინებდნენ და შემდეგ ისიც მახსოვს, ზარდიაშვილი ატირებული, რომ მოვიდა ჩემთან, რომ პარლამენტიდან მიშვებენ და რას მერჩითო. აი, ეს ისტორიები მინდა, შევახსენო „ქართულ ოცნებას“ , რომელიც დღეს ზარდიაშვილს ეფარება და კოლექტიურ ზარდიაშვილად გადაიქცა მცირე გამონაკლისის გარდა სამწუხაროდ. აი, ვინ არის კორუფციაში ჩაფლული,“ - აღნიშნა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ საგამოძიებო ორგანოებს ვანო ზარდიაშვილის საქმეებით დაინტერესებისკენაც მოუწოდა.
„მე საჯაროდ მივმართავ, კიდევ ერთხელ, პირველად არა, სხვათა შორის, უკვე მერამდენედ საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ, როგორ მოაწყო ზარდიაშვილმა მათიკაშვილის ცოლი მოსამართლედ იუსტიციის საბჭოში, როგორ არის ის ჩართული საქმეების მოგვარებაში, როგორ აგვარებს მოსამართლეებთან ერთად სხვადასხვა საქმეს და თავისი ბიზნესინტერესებით როგორ არის დაკავებული,“ - განაცხადა ბესელიამ.