არასაპარლამენტო ოპოზიცია TBC ბანკის საქმეს ეხმაურება. "თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, განახორციელოს მისი გეგმები, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პროექტის ჩაშლას და ასევე პოლიტიკური ველის მოსუფთავებას.
„ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სამი ამოცანა. პირველი არის ანაკლიის პროექტის ვერგანხორციელება, რომელიც არის საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და რომელსაც ეწინააღმდეგება რუსეთი. მეორე არის ფინანსურ ნაკადებზე სრული კონტროლის დამყარება და მესამე არის შესაძლო პოლიტიკური კონკურენტის განეიტრალება. დიახ, ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა პროკურატურამაც არ დაახანა და ის რაღაც საოცარი ფულის გათეთრების საქმეს დღეს უკვე პროკურატურა ოფიციალურად ბრალად წარუდგენს ხაზარაძეს,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
პოლიტიკურ რეპრესიებზე მიუთითებს „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანიც. თამარ კორძაია აცხადებს, რომ ივანიშვილი დასკვნით შეტევაზეა.
„ბიძინა ივანიშვილის საბოლოო შეტევაზე გადავიდა. მას არ შეუძლია ოდნავ განსხვავებული აზრის ატანაც, რაც არის კატასტროფული შეცდომა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცუდად დამთავრდება მისთვის პერსონალურად. ტემპერატურას ბიძინა ივანიშვილის აღვივებს მის საწინააღმდეგოდ. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ მართლა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე არიან გადასული,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე კი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენის უკან ინტერესთა კონფლიქტია. შალვა ნათელაშვილის აზრით ამჯერად ორი ოლიგარქი ერთმანეთს დაეჯახა და უფრო ძლიერმა სძლია სუსტს. მისივე თქმით, გამოძიების მიზანი ანაკლიის პროექტის ჩაშლის მცდელობაა.
„მმართველი ოლიგარქიული ოჯახი გასკდა. მათ ვერ გაიყვეს მილიარდები და ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე. განხეთქილებას, რა თქმა უნდა, მოსდევს უფრო ძლიერი ოლიგარქის მიერ შედარებით ნაკლებად ძლიერი ოლიგარქის დაჭერა, დაჩაგვრა, გაკულაკება. იგივე მოხდა ხაზარაძის მიმართ. ამ უთანხმოების გამოძახილი იყო ხაზარაძის მცდელობა, შეექმნა პოლიტიკური პარტია და, რა თქმა უნდა, შემდგომ ამას დაემატა ანაკლიის პრობლემა, რომელიც პუტინის დავალებით არ უნდა აშენდეს და აღნიშნულმა პროცესებმა ერთობლიობაში გამოიწვია ის შედეგი, რაც დღეს მოვისმინეთ და, ალბათ, ეს პროცესი გაგრძელდება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.