19 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
"ეს პირდაპირ პოლიტიკური დევნაა,"-ოპოზიცია ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საუბრობს

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძებას მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკურ დევნად აფასებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით ბიძინა ივანიშვილმა მათზე ანგარიშსწორება მას შემდეგ გადაწყვიტა რაც პოლიტიკაში მოსვლის განაცხადი გააკეთეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველა იმ ადამიანის ჩამოშორებას ცდილობს, ვინც კონკურენტად მიაჩნია. ისინი ანაკლიის პორტის პროექტის განხორიციელებას ეჭვქვეშ აყენებენ. 

"ეს პირდაპირ პოლიტიკური დევნაა, ვინაიდან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარკვეული წონა საზოგადოებაში,  რესურსები როგორც სოციალურ, ასევე ფინანსური და ა.შ. უნდა რომ ჩამოიცილოს. რომ დააკავოს სასამართლომ ეს იმას ნიშნავს, რომ 2 ინვესტორი, მთავარი ინვესტორი ანაკლიის პროექტისა იქნება ციხეში და ვინმეს წარმოუდგენია, რომ შემდეგ ეს პროექტი განვითარდეს? ყველა არის დემაგოგი "ქართული ოცნებიდან" და მინისტრები საერთოდ უნამუსოები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ანაკლიის პროექტს,"-აცხადებს რომან გოცირიძე. 

"ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მამუკა ხაზარაძეზე დაწყებულ თავდასხმას პირდაპირ უკავშირებს ბიძინა ივანიშვილს და ამბობს, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი მასში კონკურენტს ხედავს.

"მამუკა ხაზარაძე სამიზნე გახდა ბიძინა ივანიშვილის ზუსტად იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი კონკურენტს და ოპოზიციის მხარეს გამაძლიერებლად ხედავს ყველას, ვისაც საზოგადოებაში აქვს ან სოციალური კაპიტალი ნდობის სახით, ან ფინანსური კაპიტალი. ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილს ქართული საზოგადოება ჩამოაცილებს ძალაუფლებას,"-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესა და ანაკლიის პორტს შორის რაიმე სახის კავშირს კატეგორიულად უარყოფენ უმრავლესობაში და განმარტავენ, რომ ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირების ყველა მცდელობა, სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანაა.

"ეს არის ჩემთვის ერთი სამართლებრივი საკითხი, რომელის იქითაც პოლიტიკური საკითხების დანახვა მე ვფიქრობ არის მცდელობა სამართლებრივი საკითხიდან ამ თემის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თემის, პოლიტიკური ჭრილში გადაზრდის. ეს საქმე არ უკავშირდება არანაირად ანაკლიის პორტს და არაერთხელ გაცხადდა, რომ ეს არის ჩვენთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები