"თიბისი ბანკის" საქმეს და ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენას ოპოზიციაში პოლიტიკური ოპონენტების დევნად აფასებენ.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები მიმდინარეობს.
„მოისმინეთ აშშ-ს საელჩოს განცხადება, რომელიც არის ძალიან მძიმე და რომელიც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში მიდის ფაქტობრივად, მიდის პოლიტიკური რეპრესიები... ეს არის დანაშაული, რაც ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ. ერთი მხრივ, ანაკლიის პორტის ჩაძირვა, მეორე მხრივ, საფინანსო სისტემის სრული კონტროლის დამყარება და ეს თიბისის დამორჩილების გარეშე არ მოხდება და მესამე, ფაქტობრივად, პოლიტიკური ოპონენტების ჩამოცილება და დევნა, ქვეყანა მიდის ავტორიტარული რეჟიმისკენ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, სერგი კაპანაძე. დეპუტატი ამერიკის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დიპლომატიური უწყება შეშფოთებას გამოხატავს ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ ბრალის წაყენების გამო.
კაპანაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ გზავნილზე სწორი რეაგირება უნდა ჰქონდეს.
„შეერთებულმა შტატებმა ძალიან ნათელი გზავნილი მისცა ხელისუფლება, რომ მისთვის არის მიუღებელი ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს, საქმე ეხება ანაკლიის პორტს. იშვიათად ხდება ხოლმე, როდესაც ასე მკაფიო არის აშშ-ის გზავნილი... ეს უნდა იყოს მიღებული ძალიან სწორად და ადეკვატურად ხელისუფლების მიერ. გვესმის, რომ დღეს ივანიშვილი არის პანიკაში, რომ მას ახლა აქვს პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორების რეჟიმი, მან დაიწყო დევნა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ახლა, გადავიდა ხაზარაძე-ჯაფარიძის დევნაზე და მიაჩნია, რომ ამგვარად გაიხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას. ოღონდ მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ის, ჯამში, ვერც ამ მიზანს ვერ მიაღწევს და ამასთან, უკიდურესად დააზიანებს საქართველოს საეთაშორისო იმიჯს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების მომავალს და ამაზე მერე მოუწევს პასუხისმგებლობის აღება,“ - განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ TBC-ის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. საგამოძიებო უწყებამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა. საგამოძიებო უწყების მათ ჯგუფურად უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.