19 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
ადამიანს შეუძლია თქვას, რომ პოლიტიკაში მიდის და ნებისმიერმა დამნაშავემ ამით ეცადოს, თავი აირიდოს - ცქიტიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საუბრობს

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ პოლიტიკაში მიდის და შესაბამისად, ნებისმიერმა დამნაშავემ შესაძლოა, ამით ეცადოს, თავი აირიდოს,“ - ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, კითხვებს, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით ისმის, პასუხს გამოძიება გასცემს.

„მე არ ვიცი, ვერც დავაბრალებ და ვერც უარვყოფ, მესმის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩნდება ეჭვები, ამ ეჭვებს ერთად გავაქარწყლებთ ან ერთად დავინახავთ ეჭვების საფუძვლიანობას ან უსაფუძვლობას,“ - ამბობს ცქიტიშვილი.

დეპუტატმა ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ არის მისთვის მისაღები კონსორციუმის მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფოს რისკების დაზღვევას სთხოვს. ცქიტიშვილის თქმით, მთავრობამ ისედაც ბევრი გაიღო ამ პროექტისთვის და ახლა ჯერი მათზეა.

„ანაკლიის პორტში ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც ითხოვს კონსორციუმი, არის სახელმწიფოს მხრიდან რისკების დაზღვევის, რომელსაც მე პირადად, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ლონდონის ბირჟაზე გაიტანენ აქციებს და თუ დაასაბუთებენ, რომ ეს არის ყველაფერი მოგებიანი, მაშინ ლონდონის ბირჟაზე აუცილებლად იყიდიან მის აქციებს, თუ არ დასაბუთდება, მაშინ არ იყიდიან. რომელი სხვა კომპანია გახსენდებათ, სადაც კონსტიტუციური ნორმა არსებობს, სპეციალურად ჩანაწერი, რომ მას ჰქონდეს განსაკუთრებული ეკონომიკური პირობები, რომელი პროექტი გახსენდებათ, სადაც ამხელა ფულია დახარჯული, რომ ინფრასტრუქტურა იყოს მიყვანილი, ანუ ბევრი რამე გაკეთდა, მე ვიტყოდი, იმაზე მეტი, ვიდრე მე გავაკეთებდი ამ შემთხვევაში, მთავრობის ადგილას, მაგრამ გაკეთდა ძალიან ბევრი რამ და ახლა უკვე ჯერი მათზეა,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ TBC-ის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. საგამოძიებო უწყებამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა. საგამოძიებო უწყების მათ ჯგუფურად უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები