„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს“, - ამ განცხადებით ბრიტანეთის საელჩო საქართველოში "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს ეხმაურება.
დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას აფასებენ.
საელჩო ხაზს უსვამს, რომ პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა აუცილებელია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის.
„დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ საბანკო მოქმედებებს ეხება.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ეს აუცილებელია ქართული საბანკო სექტორისთვის, ამ სფეროში მრავალმხრივი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ TBC-ის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. საგამოძიებო უწყებამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა. საგამოძიებო უწყების მათ ჯგუფურად უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.