19 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
5 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მოხუცი მკვლელი არ აღმოჩნდა

5 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მოხუცი მკვლელი არ აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღიარებს, რომ სოფელ ყანდაურაში მომხდარი სასტიკი დანაშული 85 წლის ომარ გამყრელიძის ჩადენილი არაა.

გამოძიება ამჯერად მოხუცს, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირს, მკვლელობაში დახმარებას ედავება. ბრალი ომარ გამყრელიძეს მხოლოდ მაშინ შეუცვალეს, რაც ცემისა და არაადამიანური მოპყრობის მიუხედავად, მოხუცისგან ვერ მიიღეს აღიარებითი ჩვენება, რომ საკუთარი ცოლი, შვილი, რძალი და კიდევ 2 ნათესავი მოკლა.

გამოძიება მაინც ამტკიცებს, რომ ომარ გამყრელიძის წინააღმდეგ აქვთ მტკიცებულებები, საბრძოლო მასალა, რამდენიმე იარაღი, ყუმბარა და ნიღაბი. თუმცა მათ წარმომავლობას საგამოძიებო უწყება ვერ ადგენს.

მთავარი, რითიც გამოძიება ამტკიცებს, რომ ომარ გამყრელიძეც დამნაშავეა, გეკოს ტიპის იარაღზე აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუშია. თუმცა ყანდაურაში ყვებიან, რომ ამ იარაღს, ომარ გამყრელიძე დიდი ხანია ფლობს.

ხუთი მოკლული და მკვლელობის ბრალდებით არც ერთი დაკავებული - ასეთია დღეს ყანდაურას საქმის რეალობა.

გამოიძიება ახლა უკვე ყოფილ სპეცრაზმელს ეძებს. პროკურატურის ვერსიით, 5 ადამიანი რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ნოდარ გამყრელიძემ, ომარ გამყრელიძის შვილმა მოკლა. ნოდარ გამყრელიძის კავშირს სასტიკ დანაშაულთან შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი თვის კატეგორიულად უარყოფდა, როცა „კურიერში“ რეპორტაჟი გავიდა. ვიდრე გამოძიება რეალურ დამნაშავემდე გავიდა, ნოდარ გამყრელიძემ დიდი ალბათობით საქართველო დატოვა. მისი კვალი სოფელ ბადიაურთან იკარგება. საინტერესო გარემოებაა ის, რომ მთავარმა დამნაშავემ ქვეყანა ისე დატოვა, საზღვრის კვეთა ოფიციალურად არ უფსიქსირდება.

ნოდარ გამყრელიძის შვილი კი მკვლელობის დღეს სოფელ ყანდაურაში იმყოფებოდა. მომხდარიდან 2 დღეში ის ავტომობილში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის გამო დააკავეს. ამბობს, რომ აღმოჩენილ მტკიცებულებებზე არ იცის ვისია და როგორ აღმოჩნდა მის მანქანაში.

ჯერ კიდევ ორი თვის წინ მოვუყევით მაყურებელს, რომ ომარ გამყრელიძის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები შსს-ს არ აქვს და რეალური მკვლელი 85 წლის მოხუცი არ იყო. გვიან, მაგრამ მაინც საგამოძიებო უწყებას მოუწია აღიარება, რომ დაუშვეს დიდი შეცდომა, როცა მძიმე დანაშაული მალევე გახსნილად გამოაცხადეს.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები