19 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
კოკისპირული წვიმა, წყალდიდობა და მეწყერი, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები - ლენტეხსა და წალენჯიხაში ურთულესი ვითარებაა

კოკისპირული წვიმა, წყალდიდობა და მეწყერი, განადგურებული გზები, დაზიანებული ხიდები და გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები - ლენტეხსა და წალენჯიხაში ამ დრომდე ურთულესი ვითარებაა.

ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ჩოლშურამ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. 70 ოჯახი ამ დრომდე სტიქიის ეპიცენტრში რჩება. სოფლებთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად წაღებულია, ადგილზე მძიმე ტექნიკის დახმარებით სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის გადარჩენას მაშველები რამდენმე საათია ცდილობენ.

სტიქიის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მაგისტრალზე ღამის განმავლობაში მეწყერი ორჯერ ჩამოწვა. პრობლემა შეექმნათ ტურისტებსაც, რომლებიც ლენტეხში იმყოფებოდნენ.

როდის აღდგება მიმოსვლა სოფლებთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ჯერჯერობით უცნობია. გამგებლის ინფორმაციით, უამინდოების გამო ადგილზე მუშაობა სამაშველო სამსახურს უჭირს.

სტიქიას ებრძვიან დღეს დილიდან წალენჯიხაშიც. ძლიერი ნალექის გამო ადგილობრივების სახლების პირველი სართულები წყლით არის დაფარული. მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. დატბორილია ადგილობრივების ნათესები და მოსავალი.

წალენჯიხასა და ლენტეხში ამ დრომდე სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებული. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა, ჯერ უცნობია.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები