ქვეყნის ყველაზე მძლავრი ბანკის დამფუძნებლებზე განხორციელებული მორიგმა შეტევამ საბანკო სექტორს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. "თიბისის" აქციების გაუფასურება კატასტროფულ მაჩვენებელს აღწევს. ბოლო 48 საათში ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისი ბანკის" აქციების ფასი, თითქმის, 16%-ით დაეცა. "თიბისი ბანკმა" და მისმა აქციონერებმა ბოლო ორ დღეში, დაახლოებით, 145 მილიონი დაკარგეს.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ღიად ადანაშაულებს ოლიგარქ ივანიშვილს გავლენიანი ბიზნესმენების ყველაზე უხეში მეთოდებით განეიტრალებაში, მორიგი შტურმის უკან ფადი ასლი პოლიტიკურ ინტერესთან ერთად ანაკლიის უმნიშვნელოვანეს პროექტს ასახელებს. სწორედ პროექტში ჩართულმა ქვეყნის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა "ოცნების" ხელისუფლება დღეს კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით არაერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა არსებობს. დასავლეთი, რომ რეზონანსულ საქმეს გამადიდებელი შუშით აკვირდება, დღეს კიდევ ერთი დიდი ბრიტანეთის საელჩოს გზავნილებითაც დასტურდება.
ერთმანეთის მიყოლებით დღეს "თიბისის საქმეზე" საგანგებო განცხადებები გაავრცელეს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა. "ოცნების" მთავრობას ქვეყნის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა პირდაპირ უთხრა, რომ ბრალის წაყენების კონტექსტსა და გარემოებებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებასა და ღია კითხვებზე "ოცნების" ლიდერებს დღეს საპასუხო განცხადებები არ გაუკეთებიათ. ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისთვის პასუხის გაცემა თავის თავზე კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა აიღო. დეპუტატმა სტრატეგიულ პარტნიორს აქეთ მოსთხოვა დამატებითი განმარტებები, რას გულისხმობდნენ და რისი თქმა სურდათ, დღეს გავრცელებული განცხადებით.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამით საერთაშორისო საზოგადოებამ ოცნებას პირდაპირ უთხრა რომ ქვეყანაში რეპრესიებია და გაფრთხილებაა პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ბიზნეს რეკეტი უნდა შეწყდეს.