ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მას გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილოებას ედავება.
აღნიშნული განცხადება შსს-ში გააკეთეს.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში,“ - აცხადებენ შსს-ში.
ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ 4 პირი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას," - აცხადებენ შსს-ში.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის, ნიკა მელია.
ირაკლი ოქრუაშვილი, დაახლოებით, ერთი საათის "რუსთავი 2"-ის შენობიდან გასვლის შემდეგ დააკავეს.