სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები ვაშლიჯვარში მიტოვებულ შენობაში შეიჭრნენ, საკუთარი ძალებით გაიყვანეს დენი, თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მათ ელექტროენერგია და წყალი ჩაუჭრეს. ქალებს და ბავშვებს მტვერში პირდაპირ ბეტონზე სძინავთ.
წყლისა და საკვების მარაგი ეწურებათ, სოციალურად დაუცველი ოჯახები ამბობენ, რომ ხვალიდან, სავარაუდოდ, შიმშილობა მოუწევთ. მათივე თქმით, სამართალდამცველები არ აძლევენ უფლებას, შენობაში, სადაც საცხოვრებელი პირობები არ არსებობს, პირადი ნივთები შეიტანონ, თუკი შენობას ვინმე დატოვებს, უკან აღარ უშვებენ, ამიტომ იძულებულები არიან გაუსაძლის პირობებში იცხოვრონ.
შენობაში, სადაც დევნილები, სოციალურად დაუცველები და ეკომიგრანტები არიან შეჭრილები, „კურიერის“ გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს. სამართალდამცავები მიზეზად შენობის ავარიულობას ასახელებდნენ.
„კურიერმა“ მოახერხა ტელეფონით გადაეღო ის უმძიმესი და არაადამიანური პირობები, რომელშიც ათობით ოჯახს უწევს ცხოვრება, მძიმე ვითარების მიუხედავად, შენობის დატოვებას დაზარალებული მოქალაქეები არ აპირებენ.
მათი პრობლემის მოგვარება თბილისის მერიის პრეროგატივაა, თუმცა კახა კალაძის უწყებაში, მძიმე ვითარებაში მყოფ მოქალაქეებზე კომენტარის გაკეთება არ სურთ.
ვაშლიჯვარში 158-ე სკოლის მიმდებარედ შეჭრილი 4 დევნილი ოჯახია და აჭარიდან გადმოსახლებული ერთი ეკომიგრატია.
ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა განსახლების დეპარტამენტში ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები უსაფუძვლოა, რადგან ამ ოჯახებს კომპენსაცია უკვე გადაეცათ.
მეხუთე დღეა, მძიმე და არაადამიანურ პირობებში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ათობით ოჯახია შეჭრილი, ყველაზე პატარა 3 თვის ბავშვია, გუშინ ერთი მოზარდი ავადმყოფობის გამო კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარალებულები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.