19 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
ეს არის უბრალოდ ტერორი - ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას მისი თანაგუნდელი შეესწრო

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას მისი თანაგუნდელი პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი, გურამ ჩალაგაშვილი იხსენებს, რომელიც დაკავების დროს მის მანქანაში იმყოფებოდა.

ჩალაგაშვილი ამბობს, რომ ავტომობილით ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად კოტე კემულარიასთან მიდიოდნენ, რა დროსაც 10 შავი "ჯიპი" მიუახლოვდათ და მანქანა გააჩერებინეს. ამის შემდეგ კი ყველა გადმოიყვანეს მანქანიდან და ირაკლი ოქრუაშვილს ხელბორკილები დაადეს.

ჩალაგაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას ტერორად აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ოპონენტებს დევნის.

„ჩემს მანქანაში იჯდა, წამოვედით, მივდიოდით კოტე კემულარიასთან რაღაც თემებზე სასაუბროდ, სახლთან არ მისვლამდე, 10 მანქანა, შავი "ჯიპებ"ი გადამაყენეს, კინაღამ დამამტვრიეს, ისეთი ამბავი ატეხეს, ასე გადმოგვიყვანეს მანქანიდან სულ ყველა, გადმოვედით, გადმოიყვანეს ირაკლი, დაადეს ხელბორკილები და განუმარტეს, რომ 20 ივნისის ღამის გამო არის დაკავებული, როგორც ორგანიზატორი, შეჭრის და ა.შ. მეც მაგის გვერდით ვიყავი 20 ივნისს, არანაირი ძალადობა და არანაირი მოწოდება არ ყოფილა მისი, არანაირი კადრები არ არსებობს, ეს არის უბრალოდ ტერორი, რომელიც დაიწყო გუშინ მამუკა ხაზარაძის დაკავებით, დღეს ირაკლი დაიჭირეს, მანამდე ნიკა მელიას შინაპატიმრობა, ასე, რომ უნდათ, რომ ოპოზიციური ლიდერები გაანეიტრალონ და არ გამოუვათ ეს,“ - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.

დღის ამბები