ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ცოტა ხნის წინ შსს-ში ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მივიდა.
მამუკა ჭაბაშვილმა შენობაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა. ის ჯერ ელოდება შსს-სგან ოფიციალურ ინფორმაციას, თუ რის საფუძველზე და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ოქრუაშვილის დაკავების მოტივი უფრო მეტად პოლიტიკური იყოს, ვიდრე სამართლებრივი.
„დაკავებულია 20-21 ივნისის მოვლენებზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მოვედი, რომ მენახა, ამ წამს ვესაუბრე გამომძიებელს და სულ ეს წუთია წაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღმის მასივში. არ გავცნობივარ არაფერს, გზაში ვიყავი... დღეს ჩვენ შევხვდით მისი მძღოლის საქმესთან დაკავშირებით, 4-დან 5-მდე ერთად ვიყავით, დღევანდელ დაკავებას არ ველოდით იმიტომ, რომ გუშინ იყო გამოკითხვაზე დაბარებული მოსამართლესთან, დღეს ჩვეულებრივი შეხვედრა გვქონდა და არაფერი არ მოასწავებდა იმას, რომ ის დაეკავებინათ,“ - განაცხადა ადვოკატმა.
ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.