„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და სხვა წარმომადგენლები გორში მხარდამჭერებს შეხვდნენ. მათ ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემების გადაჭრის გზებზე და მომავლის გეგმებზე ისაუბრეს.
მოქალაქეების განცხადებით, ახლა აქტიური მუშაობა და ივანიშვილის დასამარცხებლად ყველას გაერთიანებაა საჭირო.
„შეხვედრა გვაქვს პარტიის ლიდერებთან იმასთან დაკავშირებით, რომ დაიგეგმოს მომავალი სამოქმედო გეგმა. ჩვენ რწმენა გვაქვს იმის, რომ დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს, ოლიგარქიულ მმართველობას და ქართველი ხალხი და საქართველო, საბოლოოდ, მიაღწევს გამარჯვებას,“ - განაცხადა გურამ მჭედლიშვილმა.
შეკრებილების თქმით, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს პროდასავლური კოალიცია, რომელიც ქვეყანას განავითარებს.
„ყველამ ვიცით, რომ გაცილებით უფრო ადრე უნდა დავიწყოთ საარჩევნო კამპანია, ვიდრე თარიღი გამოცხადდება, იმიტომ, რომ პარტია უნდა იყოს 100 პროცენტით მობილიზებული,“ - განაცხადა ვაშაძემ.