„ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე,“ - ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან ერთად საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მათ აღკვეთის ღონისძებაზე უნდა იმსჯელონ.
შენობაში შესვლამდე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებას. ამას გარდა, ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტიდან ჩამოცილებაზე გადაწყვეტილება იმიტომ, მიიღეს, რომ მათ სურთ დასრულდეს სპეკულაციები, თითქოს, ისინი ბანკს და აღნიშნულ პროექტს ეფარებიან.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ანაკლია არის შემოტრიალება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამოდ კარიბჭედ დაფიქსირება აზიასა და ევროპას შორის, მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომლებთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და ორი დღის წინ ისევ ამ ქაოსში ჩაგვაგდეს. ეს არის ასევე მიმართული აბსოლუტურად გაუგებარი რამ, რომ ამბობენ, რომ ანაკლიას ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობა იძახის და მეორე მხრივ, პირდაპირ ღიად ებრძვიან ამ პროექტს. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ.
„მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას, ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია, ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე, ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით, ამას ვაკეთებ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.