„გირაოს ოდენობად ვითხოვთ მილიონ ლარს თითოეულზე“, - ეს განცხადება პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საუბრისას გააკეთა.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, ჯამში, ორი მილიონი ლარის გადახდას ითხოვს. ამ წუთებში მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.
პროკურორის თქმით, გირაოს გარდა, ასევე მოსამართლეს მიმართავენ შუამდგომლობით, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე აეკრძალოთ.
პროკურორის განცხადებით, საქმეში მათი ბრალეულობის დამადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები დევს.
„ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ, გირაოს ოდენობად ვითხოვთ მილიონ ლარს თითოეულზე, ასევე, გვაქვს მოთხოვნა, რომ აღნიშნულ პირებს აეკრძალოთ საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და ნებართვის გარეშე.
„აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების დროს მხედველობაში მიიღება ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობა, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის იმ საფუძვლების, რა საფუძვლებიც ჩვენ სასამართლოსთვის გვაქვს ჩამოთვლილი, შესაბამისად, ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის იქნებოდა შემაკავებელი ხასიათის იმ აღკვეთი ღონისძიების მიზნებისთვის,“ - განაცხადა პროკურორმა.