„რა თქმა უნდა, პოლიტიკური ინტერესი არის ამ ადამიანების მიმართ, ეს ნიშნები სახეზე არის,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საუბრისას გააკეთა.
გოგიჩაიშვილი "თიბისის" დამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება და ამ წუთებში ისიც საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
„ზუსტად ეს ნიშნები რომ არის სახეზე და არ არის ჩემს აღქმაში ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა, იმიტომ მოვედი დღეს, აქ სასამართლოში. ვფიქრობ, რომ ამ საქმეში პოლიტიკური ინტერესი დევს,“ - ამბობს გოგიჩაშივილი.
დეპუტატი "თიბისის" დამფუძნებლების წინააღმდეგ საქმის 11 წლის შემდეგ აღძვრას ანაკლიის პორტის პროექტს უკავშირებს. ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას არ სურს აღნიშნული პროექტის განხორციელება.
„სურვილიც არის ხელისუფლების, რომ ანაკლიის პორტი არ შედგეს, როგორც მოცემულობა, იმიტომ, რომ ანაკლიის პორტს ეკონომიკის დატვირთვის მიღმა აქვს სხვა ინტერესი, ჩვენი პარტნიორებისთვის და ჩვენი სახელმწიფოებისთვისაც, რაღაც დამატებითი უსაფრთხოების გარანტია არის ასევე და საინტერესო ახალი რეალობა შავ ზღვაზე, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით ან სხვა, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ, დიდი არის, რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი, რომ ვიღაცების თავში არ შედგეს ეს პორტი,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.