ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე - ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. საქმე ეხება სასამართლოს მიერ პროკურატურის ერთ-ერთი შუამდგომლობის დაკმაყოფილებას, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენებს ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების ნებართვის გარეშე ეკრძალებათ.
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ სასამართლომ ამ ნაწილში აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენი აზრით, აბსურდული გადაწყვეტილება, რაც ამ ნაწილში, რაც მოთხოვნა იყო პროკურატურისგან, ის რატომღაც გაიზიარა, ეს არის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საზღვარგარეთ გასვლისთვის პროკურატურის ნებართვა, ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, ბიზნესმენებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ არ დადიან იმისთვის, რომ დრო გაატარონ, არამედ ეს არის მათი სამუშაო რეჟიმი, თან იმ დროს, როდესაც ანაკლიის პროექტი არის ისეთ ფაზაში, როცა ძირითადად მიმდინარეობს, ისეთ საკითხებზე მუშაობა, რასაც ჰქვია ინვესტორებთან მუშაობა. ადამიანებს აუკრძალო საზღვარგარეთ გადაადგილება, თან იმ მოტივით, რომ შეუთანხმოს ეს პროკურატურას, ანუ პროკურატურას ჰქონდეს დისკრეცია იმის, რომ მისცეს ან არ მისცეს ნებართვა, რა უნდა ქნას პროკურატურამ ძალიან მაინტერესებს, გადაშალოს და თქვას, ახლა გაგიშვებ, ახლა არ გაგიშვებ და ეს დატოვა ძალაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ,“ - განაცხადა ადვოკატმა.
ამას გარდა, ადვოკატის თქმით, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, პროცესს დაზარალებული არ ჰყავს.
„დაზარალებულთან დაკავშირებით პროკურატურამ განმარტა, რომ მათი აზრით, საქმე ხანდაზმულია ერთ ნაწილში, შესაბამისად, დაზარალებული არ ეყოლება "თიბისი ბანკის" სახით და ზოგადად, დაზარალებული ეს არის ფულად საკრედიტო სისტემა და ამიტომ დაზარალებული საქმეში არ იქნება,“ - განაცხადა ადვოკატმა.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ 700-700 ათას ლარიანი გირაო შეუფარდათ. პროკურატურა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის ჯამში ორი მილიონის შეფარდებას ითხოვდა.