იურისტები ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას „რუსთავი 2-სა“ და სხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებენ. იურისტი, კახა კოჟორიძე ამბობს, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის დაკავება „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა. კოჟორიძე ასევე, აცხადებს, რომ იმ ვიდეო მტკიცებულებებიდან, რომელიც შსს-მ გაავრცელა ფიზიკური დაპირისპირება ჩანს, თუმცა, არ იკვეთება ძალადობის ორგანიზება.
„მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა დაიწყო განცხადებები "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით, ამ ყველაფერს მოჰყვა შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება, ამასთან, იმ მასალაში, რაც გაავრცელა შსს-მ , ჩანს ნამდვილად, რომ იქ არის შეხლა-შემოხლა, მაგრამ რა ბრალიც აქვს წაყენებული, აქ არის ორგანიზება, ორგანიზება მე ვფიქრობ, ამ ვიდეომასალით არ ჩანს. მთელი ეს ყველაფერი ქმნის, რა თქმა უნდა, იმის ეჭვს, რომ შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს სწორედ პოლიტიკურ საკითხს,“ - აცხადებს კახა კოჟორიძე.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებას გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს ასევე, იურისტი, ანა ნაცვლიშვილი.
„ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავდით ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს, მათ შორის, „რუსთავი 2-ის“ საქმესთან და სხვა საქმეებთან დაკავშირებით, როდესაც ამ კონტექსტში ხდება დაკავება, კიდევ უფრო მეტად ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რეალურ დანაშაულს შეიძლება უკავშირდებოდეს ეს დაკავება თუ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს თუ ინფორმაციებს, რომელსაც ის ფლობს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.