19 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
"ყველას ექნება საშუალება, დაცვის უფლებით ისარგებლოს" - არჩილ თალაკვაძე ოქრუაშვილის დაკავებას ეხმაურება

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეხმაურება. თალაკვაძის თქმით, ოქრუაშვილს თავის დაცვა სასამართლოზე შეეძლება. მისი თქმით, ვინც პარლამენტში ძალადობრივი გზით შეჭრას ცდილობდა ან ამას აორგანიზებდა, კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს. 

„ძალიან სამწუხაროა, როგორც განვითარდა მოვლენები 20 ივნისის დროს და შემდეგ დღეებში. მეორე მხრივ, მსოფლიოში არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო და არცერთი დემოკრატიული სახელმწიფოს საზოგადოებას არ სურს ნახოს ის, რომ მის კონსტიტუციურ წესრიგზე მოქალაქეების უსაფრთხოებასა და პარლამენტზე არის ძალადობრივი შეტევა, ვინც ამაში მონაწილეობდა, ვინც ამას აორგანიზებდა და ეს დაუდასტურდება სასამართლოში, ბუნებრივია, ის პასუხისმგებელი იქნება კანონის წინაშე, მაგრამ ყველას ექნება საშუალება, რომ დაცვის უფლებით ისარგებლოს, თუ არის მართალი, თავის სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე ასევე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებებს და ამბობს, რომ ოქრუაშვილის გამოსვლებმა აჩვენა, როგორი იყო წინა ხელისუფლება და როგორ ექცეოდა ბიზნესს თუ მედიას.

„კიდევ ერთხელ მთელმა საზოგადოებამ დაინახა რეალურად, ვის ხელში იყო ქვეყანა მათი ხელისუფლების დროს, თუ როგორ იმართებოდა ქვეყანა, როგორ სცემდნენ ისინი პატივს კანონებს და როგორ სცემდნენ პატივს ადამიანებს. ამ ადამიანის კომენტარებში რეალურად გამოჩნდა, თუ რა მიდგომა ჰქონდათ მათ ბიზნესთან, რა მიდგომა ჰქონდათ მედიასთან," - ამბობს თალაკვაძე.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დღის ამბები